ახალი ამბები

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიამ ანგარიში წარადგინა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცხადა, რომ კომისია მიმართავს ევროპის საბჭოსა და გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებს წინადადებით, რათა მათ გაააქტიურონ მუშაობა აფხაზეთის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისა და კონფლიქტის დროს განხორციელებული ეთნოწმენდის აღიარების მიზნით.


“ამასთან, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ იქნება ეს ქართველი თუ აფხაზი, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადიოდა დანაშაულს, უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა მალაშხიამ.


მან ამის შესახებ 23 ივნისს პარლამენტში კომისიის 6 თვის მუშაობის შედეგების შეჯამებისას ისაუბრა.


ანგარიშში ასახულია ის ძირითადი საკითხები, რასაც კომისია ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა: გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მასალების მოძიება და სისტემატიზაცია; სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული საქმეების შესწავლა და საქართველოს მაგალითზე მისადაგება; კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიღება; აფხაზეთის ქონების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების უკანონო გასხვისების შესახებ დოკუმენტაციის მოპოვება; სამხრეთ ოსეთის რესტიტუციის შესახებ კანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობა; დსთ–დან საქართველოს გამოსვლის შემთხვევაში სავარაუდო პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების განსაზღვრა; დსთ–ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების მიერ მანდატის დარღვევის ფაქტების მოძიება და ანალიზი; აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პერსპექტივა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აქტუალიზაცია; იუნესკოს–თან კონფლიქტის ზონებში არსებული ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით ურთიერთობების გააქტიურება; აფხაზეთში არსებული საკომუნიკაციო საშუალებების ქართულ სივრცეში ჩასმის საკითხები; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების საკითხი შესწავლა; კონფლიქტის მოწესრიგების ერთიანი ფონდის შესახებ საკითხზე მუშაობა.


მალაშხიას განცხადებით, კომიტეტი გააგრძელებს დევნილთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობას. “ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება კონფლიქტურ ზონებს და არ ითვალისწინებს დევნილთა ინტერესებს, განხილული იქნება კომისიაზე და შესაბამისი შეფასება მიეცემა“, – დასძინა მან.


პარლამენტმა კომისიის ინიცირებით მარტში აფხაზეთის საკითხებზე ორი სხვადასხვა დადგენილება მიიღო.


 

Back to top button