
ხაინდრავა და სუბარი ცხინვალის რეგიონში იმყოფებიან
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 27 მაისს მომხდარი ინციდენტების დეტალების გაცნობის მიზნით ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ.
სახელმწიფო მინისტრი და სახალხო დამცველი იმ პირებს შეხვდებიან, რომლებიც ქართველი და ოსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყვნენ დაკავებულები.
ასევე იგეგმება გიორგი ხაინდრავას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ბორის ჩოჩიევის შეხვედრა.
კონფლიქტის ზონაში ეს ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა 41 კაცი ქართული ვიზის არ ქონის გამო 27 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააკავეს. ისინი მეორე დღესვე გაათავისუფლეს.
ამის პარალელურად ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ოსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა რამოდენიმე ქართველი მამაკაცი დააკავეს და სასტიკად სცემეს. დაკავებულები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ ოსი მამაკაცების გათავისუფლება დაიწყო.