ახალი ამბები

სამართალდამცავებმა ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი წაუყენეს

24 მაისს უკრაინაში დაკავებული ე.წ კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. დღესვე მას ბრალი წაუყენეს კანონიერი ქურდობისა და 27 აპრილს თბილისის მე–5 საპყრობილეში ბუნტის ორგანიზების გამო.


“კანონის წინაშე პასუხს ყველა დამნაშავე აგებს, მით უმეტეს, თუ ის კანონიერი ქურდია”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბშვილმა ფოცხვერიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით.


შსს–ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით ტარიელ ფოცხვერია ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან ტარიელ ონიანთან ერთად აკონტროლებდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს უკრაინასა და საქართველოში.


პირველად ფოცხვერიას გვარმა 27 აპრილს ციხეში მომხდარი ბუნტის დროს გაიჟღერა, როცა შსს–მ სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნა. შსს–ს განცხადებით, პატიმრები ტარიელ ფოცხვერიასგან იღებდნენ დირექტივებს ბუნტის დროს.  

Back to top button