
“იმედის” თანამფლობელი ამერიკული მედია–კორპორაცია ხდება
მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის კონგლომერატი News Corporation–ი ქართული მედია ჰოლდინგის “იმედის”, რომლის მფლობელიც ბადრი პატარკაციშვილია, აქციებს შეისყიდის, იტყობინება ტელეკომპანია “იმედი”.
წინასწარ შეთანხმებას ბადრი პატარკაციშვილმა და რუპერტ მერდოკმა 28 აპრილს ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი.
ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, News Corp-მა ქართული ჰოლდინგის “აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი” შეისყიდა, “თუმცა გარიგების დეტალები კონფიდენციალური რჩება”. ქართული მედიის ზოგიერთი წყაროს, მათ შორის “რუსთავი 2”-ის ცნობით, ბადრი პატარკაციშვილმა აქციების 30% გაყიდა.
News Corp–ი წლიური 24 მილიარდიანი შემოსავლით პირველი უცხოური კორპორაციაა, რომელიც ქართულ მედია–ბაზარზე შემოვიდა.
“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რუპერტ მერდოკის მრავალეროვნული News Corporation ტელეკომპანია “იმედის” და რადიო “იმედის” პარტნიორი გახდება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოსთვის, რაც საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ [საერთაშორისო] ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს და “იმედის” თანამშრომლებს”, – განაცხადა “იმედის“ ეთერში ბადრი პატარკაციშვილმა.