ახალი ამბები

საგარეო უწყება ახალქალაქის ბაზაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს განაცხადა, რომ არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც ახალქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესების საბაბით შეეცდებიან „ჩაშალონ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის დაწყებული პროცესი“.


27 აპრილს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში საგარეო უწყებამ კომენტარი გააკეთა 25 აპრილს ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციამ რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის წინააღმდეგ შეაფერხა ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი, რომლის დაწყებაც 26 აპრილს იგეგმებოდა. ახალქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის წყაროს რუსული სამხედრო ბაზა წარმოადგენს. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაზასთან გამართული “პატარა საპროტესტო აქცია“ ძირითადად “რუსეთის ბაზის მოსამსახურეებმა და მათმა ოჯახის წევრებმა“ მოაწყვეს.


“საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სიტუაციას და პირნათლად ასრულებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და მათი გაყვანის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო იწყება.


საინფორმაციო შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ქმედითი პროგრამების რეალიზაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეაბილიტაციისათვის, მათ შორის “ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამის ფარგლებში.


 



 

Back to top button