
რუსეთი ქართულ მინერალური წყლებზე კონტროლის მკაცრ რეჟიმს აწესებს
26 აპრილს რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო მომხმარებელთა უფლებების დაცვის რუსეთის ტერიტორიული სამმართველოების ხელმძღვანელებს მორიგ წერილს უგზავნის, სადაც დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ქართული მინერალური წყლების “ბორჯომისა“ და “ნაბეღლავის“ რეალიზაციის შეწყვეტას თხოვს.
“იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქციის რეალიზაცია არ ხორციელდება, მაგრამ ხორციელდება ბრუნვის სხვა სახეობები (გადაზიდვა, შენახვა და ა.შ.) – დაავალონ ბრუნვიდან მისი ამოღება“, – ნათქვამია ონიშენკოს წერილში.
ონიშენკოს უწყების “განსაკუთრებულ შეშფოთებას“ ლაბორატორიული კვლევის შედეგები იწვევს, რომლის დროსაც “ბორჯომისა“ და “ნაბეღლავის“ მოსკოვში ამოღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა სახელმწიფო სანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობა და საჭირო ნებართვების არ ქონა გამოავლინა.
მთავარი სანიტარული ექიმი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სანიტარულ–ეპიდემიოლოგიურ დასკვნის შეჩერებას ითხოვს.
“ბრუნვაში საქართველოს რესპუბლიკიდან შემოტანილი მინერალური წყლების “ბორჯომის“, “ნაბეღლავის“ და სხვა სახის წყლების აღმოჩენისას, რომელთა მიმართაც შეჩერებულია სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური დასკვნების ან სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ ცნობების მოქმედება, აღნიშნული პროდუქცია ამოღებული იქნას და მასალები გადაგზავნილი იქნას სასამართლო ორგანოებში სავარაუდო კონფისკაციის მიზნით“, – ნათქვამია წერილში.
რუსეთის ტერიტორიაზე “უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციის შემოტანის აღკვეთის მიზნით, რომელიც წარმოებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ 7 მაისამდე გატარდება საკონტროლო ღონისძიებები იმ სამეურნეო სუბიექტების შემოწმების მიზნით, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნული მინერალური წყლის შემოტანას და ბრუნვაში მოქცევას.