ახალი ამბები

ოპოზიცია მემორანდუმის ტექსტზე კონსულტაციებს აგრძელებს

ოპოზიციურმა ფრაქციამ დემოკრატიულმა ფრონტმა უკვე მოამზადა იმ მემორანდუმის წინასწარი ვერსია, რა მოთხოვნებითაც ოპოზიცია აპირებს მიმართოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს. თუმცა მემორანდუმის ტექსტი რამდენიმე დღეში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც  პარლამენტის სამი ოპოზიციური ფრაქცია კონსულტაციების გზით მას საბოლოოდ შეაჯერებს.


“ფრაქციის შიგნით ჩამოყალიბებულები ვართ, მაგრამ კორექტულობა მოითხოვს, რომ ვიდრე არ შეთანხმდება ეს [მემორანდუმი] პოლიტიკურ პარტნიორებთან  – ახალ მემარჯვენეებთან და მრეწველებთან, ჩვენ ამ მოთხოვნებს არ გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა კახა კუკავამ.


წინასწარი ინფორმაციით, მემორანდუმში ულტიმატუმის სახით შემდეგი მოთხოვნები აისახება: შინაგან საქმეთა სამინისტროს დემონტაჟი და მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადადგომა; საარჩევნო კოდექსში ცვილილებები და მერის პირდაპირი წესით არჩევა.


სავარაუდოდ, ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ შეწყვეტს ოპოზიცია ბოიკოტს, რომელიც 31 მარტს რესპუბლიკური პარტიის წევრის, დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო გამოაცხადა.


პარალელურად გრძელდება ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც გუშინ უკვე შეხვდა მრეწველების ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ესაუბრა კახა კუკავას, რომლის ფრაქციამაც 4 აპრილს განაცხადა, რომ ბურჯანაძესთან შეხვედრაში “აზრს ვერ ხედავს“.


დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მესამე ოპოზიციური ფრაქციის ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელს ფიქრია ჩიხრაძეს შეხვდა.


შეხვედრიდან გამოსულმა ჩიხრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს “ეჭვქვეშ არ დაუყენებია, რომ სიტუაცია არის კრიტიკული. მისი სურვილია, რომ კონსტრუქციული ჭრილში გადავიდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური ბოიკოტი გამოცხადებულია და ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულ პოზიციაზე დადგება“.


ჯერ–ჯერობით ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია ამ შეხვედრების ინიციატორს, პარლამენტის თავმჯდომარეს.


დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პარლამენტარების გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების თაობაზე არის ან მათი „პოლიტიკური დამარცხების“ გამოხატულება, ან ადასტურებს, რომ „ოპოზიცია პოლიტიკური რეალობიდან ძალიან შორსაა“.

Back to top button