ახალი ამბები

ლავროვმა და გუხტმა სამხრეთ ოსეთზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 21 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრის დროს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს რეგიონში არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით და მოუწოდეს მხარეებს “გაააქტიურონ ერთობლივი მცდელობები [სიტუაციის] ნორმალიზების მშვიდობიანი გზების მოსაძებნად, პირველ რიგში შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში“,– იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


21 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის ავსტრიულმა თავმჯდომარეობამ მიანიშნა “მოლაპარაკებების მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებაზე“ და განაცხადა, რომ  შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ეფექტურობა უნდა იზომებოდეს წინა შეთანხმებების განხორციელების ხარისხით, განსაკუთრებით დემილიტარიზაციის თაობაზე.


 

Back to top button