
ბექაურმა დეპუტატის მანდატი დატოვა
დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა კობა ბექაურმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მისი ტერმინალ “ოპიზაში“ ბიზნეს-ინტერესები არ დაადასტურა.
ბექაურის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის 4–თვიანი მუშაობის პერიოდში “ჩემს წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობდა…კომისიამ დაადასტურა ჩემი უდანაშაულობა“.
“ჩემთვის თანამდებობა არ ყოფილა თვითმიზანი. აუცილებლად ვთვლი, რომ დავტოვო საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა 18 თებერვალს ბექაურმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო, თუმცა “მე ყოველთვის ვემორჩილები ჩემს გუნდს და არ მინდა, რომ გუნდი ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში“, – აღნიშნა ბექაურმა, რომლის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან მაია ნადირაძესთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ 17 თებერვალს გავრცელდა.
კობა ბექაურის უკანონო ბიზნეს–ინტერესებზე სტუდია “რეპორტიორის“ მიერ გადაღებული ფილმი ტელეკომპანია „202“–ის თანადამფუძნებლის შალვა რამიშვილის დაპატიმრების მიზეზი გახდა. ბექაურის განცხადებით, რამიშვილი მას ფულს სძალავდა ფილმის არ გაშვების სანაცვლოდ. თუმცა რამიშვილი, რომლის სასამართლო პროცესიც ამჟამად მიმდინარეობს, აცხადებს, რომ ბექაური თვეების მანძილზე თავად სთავაზობდა თანხას, რათა მისი საწინააღმდეგო ფილმი ეთერში არ გასულიყო.