ახალი ამბები

რუსეთის სათათბირომ საქართველოს პარლამენტის დადგენილების საპასუხო განცხადება მიიღო

რუსეთის სათათბირო დღეს მიღებულ განცხადებაში, რომელიც რუს სამშვიდობოებზე საქართველოს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს მიღებული დადგენილების საპასუხოა, მოუწოდებს რუსეთის ხელმძღვანელობას მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გართულებული ვითარების გამო, იუწყება “რია ნოვოსტი“.


განცხადებაში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს პარლამენტის დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც “ანტირუსული პოლიტიკის ნაწილია“ და “შეიცავს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს რუსეთის მისამართით და უხეშად დამახინჯებულ შეფასებას აძლევს ამ [ცხინვალის] რეგიონში სამშვიდობო კონტიგენტის მოღვაწეობას“.


განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი სამშვიდობოების დისკრედიტაციის მცდელობას ადგილი აქვს საქართველოს სამხედრო მზადების ფონზე. “ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად ისმის უპასუხისმგებლო მოწოდებები სამხრეთ ოსური და აფხაზური პრობლემების სამხედრო გზით გადაწყვეტის თაობაზე“, – აცხადებენ რუსი დეპუტატები.


რუსეთის სათათბიროს ასევე სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული კატასტროფისა და ეთნიკური წმენდის განხორციელების “რეალურ საფრთხეზე“ მიუთითებს. 

Back to top button