
ბაღაფში კონფლიქტის დარეგულირების “გააქტიურებაზე“ საუბრობს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დე ფაქტო პარლამენტისადმი წლიურ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დარეგულირების პროცესის გააქტიურების ტენდენციაზე, თუმცა აღნიშნა, რომ აფხაზეთის იზოლაციიდან გამოსვლა რეგიონის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების მოხსნის გზით “ხელს შეუწყობს დარეგულირების საქმეში პროგრესის მიღწევას“, იუწყება “აფსნიპრესი“ 15 თებერვალს.
ბაღაფშის განცხადებით, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს როგორც ჟენევის, ასევე სოჭის ფორმატებში. დე ფაქტო პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ჟენევის პროცესის წაყვან საკითხზე, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობისა და და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის გაფორმებას ითვალისწინებს, “ქართული მხარე ცდილობს რევიზია გაუკეთოს ფაქტიურად შეთანხმებულ პროექტს“.
“პოზიციის ამგვარად ცვლილების საფუძველი გახდა უკანასკნელი მოვლენები საქართველოში, რომელიც მიმართულია რუსული სამშვიდობო კონტიგენტისაგან შემდგარი დსთ სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან განდევნისაკენ… ჩვენ ამ ფორმატის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ქართული მხარის სურვილს გაიყვანოს რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან უკავშირებს ასევე გალის რაიონში ბოლო დროს გართულებულ ვითარებას. “ამაზე მიუთითებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა მაღალის რანგის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებშიც სამშვიდობო ძალები დადანაშაულებულები არიან უუნარობაში დაიცვან სამოქალაქო პირები“.
“საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ გარანტიების არარსებობისა და საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების თაობაზე მუდმივი მუქარის პირობებში, არმია ცენტრალურ ადგილს იკავებს საგარეო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განუცხადა ბაღაფშმა აფხაზ დეპუტატებს 15 თებერვალს.
სერგეი ბაღაფში მზადყოფნას გამოთქვამს ყველა საკითხზე გამართოს ცივილიზებული დიალოგი, “გარდა პოლიტიკური სტატუსისა”.
ბაღაფში აცხადებს, რომ “მუდმივი“ და “მჭიდრო“ თანამშრომლობა არსებობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,”როგორც შუამავალ მხარესთან“, თუმცა აქვე დასძენს, რომ “დღის წესრიგიდან არ მოხსნილა რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობების დამყარების საკითხი“.