
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ცხინვალთან შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა 15 თებერვალს “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მეგობრობისა და თანამშრომლობის“ შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, იუწყება “აფსნიპრესი“.
“მშვიდობის და სტაბილურობის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, შეთანხმებული მხარეები დაუყოვნებლივ დაიწყებენ ურთიერთშორის კონსულტაციებს კოორდინირებული მოქმედებისთვის ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ეფექტური ქმედებების განსახორციელებლად მშვიდობოსა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის“, – ნათქვამია შეთანხმებაში.
შეთანხმების მიხედვით, თვითგამოცხადებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვალდებულებას იღებენ ასევე “არ დაუშვან თავიანთ ტერიტორიებზე იმ ძალების მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავენ [დე ფაქტო] სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას“.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სოხუმსა და ცხინვალს შორის ეკონომიკურ, სამეცნიერო, კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას.