ახალი ამბები

სამხედრო პოლიციამ სამშვიდობოების ორი მანქანა დააკავა

დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია გორში ჩრდილოეთ ოსეთის  სამშვიდობოების კუთვნილი მანქანების დაკავების შესახებ.


ინფორმაცია ორი სატვირთო ავტომანქანის დაკავების შესახებ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა 14 თებერვალს შერეული სამშვიდობო კონტიგენტის  წარმომადგენლის ნიკოლაი ბარანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, სატვირთო მანქანებებს სამშვიდობოების კუთვნილი საკვები პროდუქტები გადაჰქონდათ. “ამ დროისთვის სამხედროები გაუშვეს, თუმცა მანქანები გადაყვანილია გორში“, – აცხადებს ბარანოვი.     


ალექსანდრე სუხიტაშვილის თქმით, სამშვიდობოების მანქანები მას შემდეგ დააკავეს, რაც მძღოლებმა არასწორად შედგენილი დოკუმენტები წარმოადგინეს. მისივე ინფორმაციით, მანქანები 200 კილოგრამი მარილით იყო დატვირთული.


“სწორედ ეს იწვევს ეჭვს. 200 კგ მარილი სამშვიდობო დანაყოფს, სადაც იმყოფება 20 სამხედრო მოსამსახურე, არ სჭირდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე სუხიტაშვილმა.


ოსურმა მხარემ აღნიშნული ფაქტი უკვე შეაფასა, როგორც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქართული მხარის რიგით მეოთხე “პროვოკაცია“.

Back to top button