ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება რუსი კოლეგების “არაადექვატურ პათოსს” აპროტესტებს

თბილისი კატეგორიულად არ ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის “არაადექვატურ პათოსს”, რომელშიც, 31 იანვარს ცხინვალის რეგიონში, სოფელ ტყვიავთან მომხდარი ინციდენტი შეფასებულია როგორც საქართველოს მხარის სამართალდამცავი ორგანოების მიერ რუს სამშვიდობოთა წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის შედეგი.


“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეფასების აშკარად ტენდენციური და დეზინფორმაციული ხასიათი მიზნად ისახავს მსოფლიო თანამეგობრობის დეზორიენტაციას და წარმოადგენს საკუთარივე უუნარობის წყალობით დისკრედიტირებული რუსეთის სამშვიდობო ძალების რეაბილიტაციის მცდელობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.


“პოლიტიკურად მოტივირებული შეხვედრას” უწოდებს თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის მოსკოვში 2 თებერვალს გამართულ შეხვედრას.


“საქართველოს მხარისათვის ფრიად საინტერესოა რუსეთის მხარის პოზიციის მოსმენა თუ ვის შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მართლა აღიარებს თუ არა რუსეთის მხარე კოკოითს „სამხრეთ ოსეთის“ (რომლის სტატუსიც საქართველოს შემადგენლობაში მოლაპარაკების პროცესმა უნდა განსაზღვროს) “პრეზიდენტად“ (სტატუსი კომენტარს არ ექვემდებარება)“, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისის განცხადებით, ეს შეხვედრა იძლევა საფუძველს “ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში რუსეთის მხარისაგან, როგორც შუამავლისაგან მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას აღარ უნდა ველოდოთ. მეტიც, რუსეთის მხარის მცდელობა, წარმოაჩინოს მშვიდობისმყოფელები, როგორც “საკუთარ მოქალაქეთა“ უსაფრთხოების გარანტი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, პირდაპირ მიუთითებს მათ ანგაჟირებაზე“.


2 თებერვალს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ლავროვისა და კოკოითის შეხვედრას ეხებოდა,  ნათქვამია, რომ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების  განუახლებლობის ერთადერთ, უალტერნატივო გარანტს სამშვიდობოები წარმოადგენენ. აქვე რუსული მხარე აცხადებს, რომ დაიცავს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს.

Back to top button