skip to content
ახალი ამბები

სოხუმი გალში გაეროს პოლიციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნის წინააღმდეგია

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ოფიციალური პირები გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის და გაეროს ეგიდით საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციის ამოქმედების წინააღმდეგ გამოდიან. 


“ნუჟნაია გაზეტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ “არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ გაიხსნას [გაეროს] ადამიანის უფლებათა ოფისი გალში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამგვარი ოფისი უკვე მოქმედებს სოხუმში, სულ რაღაც 70-80 კილომეტრის მოშორებით“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მოთხოვნა ოფისის გახსნის და პოლიციის ამოქმედების თაობაზე “სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა რუსი სამშვიდობოების გაძევებისა“. ლაკობამ ქართული მხარე გალის რაიონში “ტერორისტული საქმიანობის“ გამწვავებაში დაადანაშაულა.


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბაც ამ პოზიციას იზიარებს და ვერ ხედავს სამოქალაქო პოლიციის ამოქმედების საჭიროებას, რადგანაც გალში ვითარებას გაეროს სამხედრო დამკვირვებლები აკონტროლებენ.


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, იგი მხარს უჭერს გალში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნას, თუმცა მიაჩნია, რომ იგი აფხაზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გააკონტროლონ. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან “შანტაჟისა და ზეწოლის“ ტაქტიკა მიუღებელია და არ დაეხმარება ქართულ მხარეს აფხაზეთის მხრიდან რაიმე დათმობის მიღწევაში. შამბას თქმით, პირადად იგი მხარს უჭერს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტს, თუმცა “საზოგადოებრივი აზრი ამისათვის მზად არ არის… ჩვენ არასდროს წავალთ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ“.


ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გაააქტიურა მოწოდება გალში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის და საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციის ამოქმედების თაობაზე. თბილისი აცხადებს, რომ ამგვარი ღონისძიებების გატარება საჭიროა, რათა დაცული იქნას ეთნიკური ქართველების უფლება ისწავლონ მშობლიურ ენაზე, არ იმსახურონ აფხაზურ ჯარში და გაუმჯობესდეს გალში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button