skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს

30 ნოემბერს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა გამართეს ლუსტრაციის შესახებ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც პარლამენტში უკვე გაფორმებულია  ოფიციალური საკონონმდებლო ინიციატივის სახით.

“ამ კანონის უპირველესი მოვალეობაა გაწმინდოს ხელისუფლება უცხო ქვეყნის აგენტებისაგან…დღეს საქართველოს დსთ–ში ყოფნა არ ყოფნის და ნატოში გაწევრიანების საკითხი წყდება ანუ დადგა მომენტი, როცა აგენტურამ, რომლითაც საქართველო სავსეა, შესაძლოა ქვეყნის წინააღმდეგ იმუშავოს“, – ასე ახსნა  30 ნოემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე „რესპუბლიკელების“  ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ლუსტრაციის კანონის დღის წესრიგში დადგომის აუცილებლობა. 

კანონპროეტის ავტორები მათი ინიციატივის სასარგებლო ერთ–ერთ არგუმენტად ბოლო დროს ყოფილი უშიშროების მინისტრის, პარტია “სამართლიანობის“ ლიდერის იგორ გიორგაძის მოსკოვიდან გააქტიურებასაც ასახელებენ. 28 ნოემბერს “იზვესტიასთან“ ინტერვიუში   გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციის გზით აპირებს დღევანდელი “ვარდების რეჟიმის“ შეცვლას და დასძენს, რომ ამისთვის სიტუაცია „უკვე მომწიფდა… 2006 წელი – ეს სააკაშვილის და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის უკანასკნელი წელია“.
 
ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი ვრცელდება იმ პირებზე, ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობდნენ.  
 
“ჩვენი მიზანია გავათავისუფლოთ ქვეყანა იმ საფრთხისაგან, რომ მას მართავდეს უცხო ქვეყნის, უცხო იდეოლოგიის ან თუნდაც საქართველოს საწინააღმდეგო იდეოლოგიის მქონე აგენტები“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
 
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის წევრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის აპარატში თანამდებობებზე მუშაობა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებში მაღალი რანგის თანამდებობებზე დანიშვნა ეკრძალებათ იმ პირებს, რომლებიც იყვნენ ყოფილი საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები. ამ სიაში ასევე შესულია საბჭოთა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეებიც.  


არჩევითი თანამდებობებისთვის, ნაცვლად აკრძალვისა, დაწესებულია კანდიდატების შესახებ მონაცემების სავალდებულო გამოქვეყნება, რაც გულისხმობს, რომ არჩევნებზე კანდიდატის რეგისტრაციისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და თუ ის საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი აღმოჩნდება, ეს ინფორმაცია საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს. ასეთ შემთხვევაში თავად ამომრჩეველი გადაწყვეტს დაუჭიროს თუ არა მას მხარი არჩევნებზე.


კანონის მიღების შემთხვევაში, თუკი მოქმედი პარლამენტარების წარსულში საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობა დადატურდება, მათ შესახებ ინფორმაცია ასევე ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისათვის, ხოლო კანონპროექტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს პოსტების დატოვება მოუწევთ.


კონფიდენციალურობის პრინციპი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაცული, თუ ლუსტრაციის შესახებ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში  საიდუმლო თანამშრომლები ნებაყოფლობით აღიარებენ სპეც–სამსახურებთან მათ კავშირს. თუმცა ამ შემთხვევაშიც მათ თანამდებობების დატოვება მოუწევთ.
 
ამ კანონპროექტის დებულებების ცხოვრებაში გატარებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებიც შევლენ.


ამდენად, კანონპროეტი არ ითვალისწინებს აგენტების სიის საჯარო გამოქვეყნებას და მხოლოდ მაღალი თანამდებობების მაძიებელებს ზღუდავს იმუშავონ სახელმწიფო სამსახურში.
 
არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საბჭოთა სპეც–სამსახურებთან თანამშრომლობის ამსახველი სრული მონაცემთა ბაზა, თუმცა ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რომელიც თავის მხრივ ოფიციალურ პირთა მონაცემებს ეყრდნობა, არსებობს აგენტურის სია, მაგრამ მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია  საქართველოდან გატანილია. 
 
“ის პირები, ვისაც შეიძლება შეეხოს ეს კანონი, დღევანდელ ხელისუფლებაშიც არიან წარმოდგენილები, ამიტომ ის არგუმენტი, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონის მიღება დაგვიანებულია ან აზრი დაკარგა, საფუძველს მოკლებულია“, –  განაცხადა “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა.


აღსანიშნავია, რომ 2004 წლის თებერვალს, როდესაც ახალი მინისტრთა კაბინეტი დამტკიცდა, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობდა, მთავრობამ პირობა დადო რომ იგი, კერძოდ კი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მაშინ უშიშროების მინისტრად დაინიშნა, თავად მოამზადებდა ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტს. თუმცა, მას შემდეგ არა თუ კანონპროექტი მომზადებულა, ამ თემაზე მსჯელობაც არ დაწყებულა.


18 ნოემბერს “სივილ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ლუსტრაციის კანონის მიღებას, რომელიც “შეფასებას მისცემს საბჭოთა წარსულს და გარკვეულ შეზღუდვებს ან დანაშაულის მონანიების პროცედურებს დააწესებს ყველა იმ თანამდებობის პირისთვის, ვინც რეპრესიული აპარატის შემოქმედი იყო“.


“ეს რთული პოლიტიკური საკითხია, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ლუსტაციის თემა შეიძლება მალე გახდეს პოლიტიკური დისკუსიის საგანი ამ მოწვევის პარლამენტში“, – აცხადებდა ბოკერია “სივილ ჯორჯიასთან“ ინტერვიუში.
 
თუმცა ტელეკომპანია “იმედს“ 29 ნოემბერს ბოკერიამ განუცხადა, რომ კანონის მიღება მიმდინარე წელს ვერ მოესწრება. ლუსტრაციის კანონის ინიციატივის კომენტირებისას გარკვეული სკეპტიციზმი გამოხატა ასევე საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა მაია ნადირაძემაც.  
 
“დემოკრატიული ფრონტი“ ვარაუდობს, რომ მათ ინიციატივას პარლამენტში წინააღმდეგობა შეხვდება, თუმცა ეს კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვას ხელს ვერ შეუშლის. 
 
“რა პოზიციას დაიკავებს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობა, რაც კენჭისყრის შედეგებში აისახება, იქნება მათი ერთგვარი ლუსტრაცია“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა 30 ნოემბერს.


“დემოკრატიული ფრონტის“ მიერ ლუსტრაციის კანონის ინიცირება დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მესამე მცდელობაა. წინა მოწვევის პარლამენტებში ლუსტრაციის კანონის ინიცირების ორი მცდელობა უშედეგოდ დამთავდა. 
 
“იმედი გვაქვს, რომ, წინააღმდეგობების მიუხედავად, დღეს საქართველოს შესწევს ძალა, რომ მიიღოს ეს კანონპროექტი,“, – აცხადებს დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button