ახალი ამბები

დსთ–დან საქართველოს გამოსვლის საკითხი პარლამენტში კვლავ აქტუალურია

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციურმა ფრაქციამ “დემოკრატიულმა ფრონტმა“ კიდევ ერთხელ დააყენა საქართველოს დსთ–დან გამოსვლის პროცედურის დაწყების საკითხი.

“დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციას აინტერესებს რა პოზიცია უჭირავს პარლამენტის უმრავლესობას მას შემდეგ, რაც 24–25 ნოემბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ დსთ–ს დატოვების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.


უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 28 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა “ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია დსთ–დან საქართველოს გამოსვლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ საკითხის საერთო კონსენსუსის გარეშე, ფორსმაჟორულ ვითარებაში განხილვა არ მოხდება.


“ეს საკითხი არც დღეს და არც ხვალ ფორსმაჟორულ ვითარებაში არ განიხილება, მაგრამ ეს საკითხი დგას, იმიტომ, რომ საქართველო არ არის იმ რეჟიმში, როგორც დსთ–ს სხვა ქვეყნები, იმიტომ რომ რუსეთის საკონსულო დაკეტილია, იმიტომ რომ პარლამენტის წევრს არ აძლევენ ვიზას, იმიტომ რომ რუსი პოლიტიკოსები გამონათქვამებს ვერ აკონტროლებენ საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა დღეს მაია ნადირაძემ.


მისი თქმით, თუ ოპოზიციასთან, ინტელიგენციასა და ბიზნესმენებთან უმრავლესობა კონსენსუსს ვერ მიაღწევს, “ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას [დსთ–დან გამოსვლის თაობაზე]… რადგან ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება აღსრულებული, სანამ ამ ჯგუფებს შორის არ იქნება შეთანხმება“, – დასძინა ნადირაძემ.

ბიუროს დასრულების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება “გეგმაზომიერად” მუშაობს და ამ ეტაპზე დსთ–დან გამოსვლის საკითხი არ განიხილება.


“დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლის კახა კუკავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ საბოლოოდ რა პოზიციას დაიკავებს “ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიცია საქართველოს დსთ–დან გამოსვლის შესახებ დადგენილების პროექტს მაინც მოამზადებს.

დსთ–ში საქართველოს ყოფნა–არ ყოფნის საკითხი გივი თარგამაძის სავიზო სკანდალის შემდეგ გახდა აქტიური მსჯელობის საგანი. ამ ფაქტის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “წინადადება დსთ-დან გამოსვლის საკითხის განხილვის დაწყებაზე აბსოლუტურად მისაღებია”. 

Back to top button