
ხაინდრავა: კონფლიქტის ზონაში ადამიანების გატაცებას ვერ შევეგუებით
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან იური ზუბაკოვთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან ვალერი კენიაკინთან მოლაპარაკებები დღეს კიდევ ერთხელ მას შემდეგ გამართა, რაც რუსეთის დელეგაცია 6 ივლისს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას შეხვდა.
რუსეთის დელეგაცია თბილისში 5 ივლისს ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა სახელმწიფო მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, მეორე დღეს კი ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან.
“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ [ქართულ-ოსური] კონფლიქტის ზონაში უნდა შეწყდეს ადამიანების გატაცებები, სამშვიდობო ძალებმა უნდა შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა და დაამყარონ წესრიგი. ჩვენ ვერ შევეგუებით ჩვენი მოსახლეობის გატაცებებს“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გიორგი ხაინდრავამ.
დღესვე გიორგი ხაინდრავამ არ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის ვაჟა ხაჭაპურიძის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ცხინვალიდან 6 ივნისს გაუჩინარებული ოთხი ქართველი ოს მარეკ დუდაევში გადაცვალონ, რომელიც ქართველ სამართალდამცავებს გასულ წლიდან რამდენიმე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით ჰყავთ დაკავებული.
“[გაცვლის] რეალური შანსი არ არსებობს… პატიმრის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და სამართალდამცავი სტრუქტურები“, განაცხადა 7 ივლისს გიორგი ხაინდრავამ.