skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკურმა პარტიამ ახალი ლიდერი აირჩია

ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის” ყრილობამ, რომელიც 27 ივნისს გაიმართა, დავით უსუფაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია. მან ამ თანამდებობაზე დეპუტატი დავით ბერძენიშვილი შეცვალა. ეს უკანასკნელი პარტიას 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა.


“ჩემი მოკლევადიანი მიზანი იქნება ძლიერი პარტიული ინფრასტრუქტურის და ორგანიზაციის შექმნა, ასევე პარტიული დისციპლინის დამყარება და “ინტელექტუალთა კლუბიდან“ ნამდვილ პარტიად გარდაქმნა. მოკლევადიან პერიოდში ჩვენ ასევე შევეცდებით წარმატებას მივაღწიოთ შუალედურ არჩევნებში. ხოლო გრძელვადიან პერიოდში ჩვენი მიზანი იქნება ძალაუფლების მოპოვება. საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი პოლიტიკური მიზანი არ არის, რადგანაც ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკას ვემხრობით“, განუცხადა დავით უსუფაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 27 ივნისს.


აპრილში, როდესაც უსუფაშვილმა ჯილდო მიიღო საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენიანი ჯგუფისგან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მან განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის არის “სიმბოლური გამომშვიდობება“ არასამთავრობო სექტორთან.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button