
ბურჯანაძე: აფხაზური მხარე მზად არ არის კომპრომისისთვის
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 18 მაისს განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ჯერ არ არის მზად კომპრომისისთვის.
ცოტა ხნის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთი არანაირ კომპრომისზე არ წავა საქართველოსთან აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით“.
„აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი, რესპუბლიკის კონსტიტუციაშია განსაზღვრული და განხილვის საგანს არ წარმოადგენს“, განუცხადა ხაჯიმბამ „ინტერფაქსს“.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აფხაზეთის კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად ველოდოთ მათ როდის დაგველაპარაკებიან“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის საინფრმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“.
„მადლიერნი ვიქნებით, თუ აფხაზეთის მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს, როგორც ეს აჭარაში მოხდა“, დასძინა მან.
კონფლიქტის მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა 20 მაისს სოხუმში ჩასვლას და აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ახალი კონცეფციის განხილვა, რომელიც ორსუბიექტიანი ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს.
„პირველ რიგში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო განიხილავს დოკუმენტს, რომელიც ასახავს კონფლიქტის მოგვარების ყველა ასპექტს, როგორც ეკონომიკურს, ასევე იურიდიულს და პოლიტიკურს. მხოლოდ შემდეგ გვექნება საშუალება კონცეფციის დეტალები გავახმაუროთ“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ „სივილ ჯორჯიას“.
თავის ერთ-ერთ ბოლო მოხსენებაში აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს უარი თქვას უკომპრომისო პოზიციაზე და მოლაპარაკებები დაიწყოს ქართულ მხარესთან სტატუსთან დაკავშირებით.