აჭარის სტატუსის საერთო-სახალხო განხილვა დღეიდან დაიწყო
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტი “აჭარის ავტონომიური სტატუსის” შესახებ სპეციალური დადგენილებით საერთო-სახალხო განხილვისათვის გამოაქვეყნა. ამავე დადგენილებით შეიქმნა 16-კაციანი საორგანიზაციო კომისია, რომელიც ერთი თვის მანძილზე იმუშავებს კანონპროექტის დახვეწაზე კომისიაში შემოსულ შენიშვნებზე დაყრდნობით.
საორგანიზაციო კომისიაში გაერთიანდნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, უშიშროების მინისტრი ზურა ადეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია, გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ედუარდ სურმანიძე, პარლამენტარები – ლევან ბეჟაშვილი, ვალერი გელბახიანი, გიგა ბოკერია, მამუკა კაციტაძე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი.
ერთთვიანი მუშაობის შემდეგ კონსტიტუციური კანონის განხილვისას კომისია ინფორმაციას პლენარულ სხდომაზე წარადგენს.