ახალი ამბები

პარლამენტი აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებას განსაზღვრავს

საქართველოს პარლამენტი ამ კვირას დაიწყებს პრეზიდენტის ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვას, რომელიც აჭარის ავტომომიური რესპუბლიკის სტატუსს განსაზღვრავს. ამ დოკუმენტით ხელისუფლებამ საბოლოოდ დაადასტურა ფაქტი, რომ ავტონომიის გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

ამ დრიოსათვის თბილისა და ბათუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ არანაირი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებულია აჭარის კონსტიტუციის მოქმედებაც, რაც 20 ივნისს აჭარაში დანიშნული ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.
 
“საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის” შესახებ ძალაში ოპტიმისტური გათვლებით ერთ თვეზე ადრე ვერ შევა, რადგანაც მის მისაღებად იმავე პროცედურების დაცვაა საჭირო, რაც კონსტიტუციურ ცვლილებებს ჭირდება. დაცული უნდა იქნას ერთთვიანი ვადა, როცა კანონპროექტი საერთო სახალხო განხილვისათვის ქვეყნდება. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს პარლამენტს უფლება დაამტკიცოს ის.
 
თუ 20 ივნისს დანიშნული არჩევნებისათვის, აჭარის სტატუსის შესახებ კანონი არ იქნება ამოქმედებული, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანოთა კომპეტენციას, რომელიც უნდა აირჩეს, მაშინ ახლადარჩეულ აჭარის პარლამენტის არსებობას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ექნება.

ამას გარდა, ჯერ-ჯერობით მზად არ არის არც საარჩევნო კანონი, რომლის საფუველზეც არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ არგუმენტების საფუძველზე “მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწეველები, ახლები” 20 ივნისის არჩევნების გადადების მოთხოვნით გამოდიან.
 
“ყველაზე უპრიანი იქნება, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სექტემბერში, მანამდე ნორმალურ პირობებეში განვიხილოთ და მივიღოთ აჭარის სტატუსის შესახებ კანონი, ჩავატაროთ ნორმალური საარჩევნო კამპანია და ნორმალური არჩევნებით მოვახდინოთ აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ფორმირება”, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ „მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ.


ხელისუფლება მხარს უჭერს არჩევნების უმოკლეს ვადებში ჩატარებას, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ  საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გამომდინარე შესაძლოა არჩევნების გადადება მოხდეს.


“ჩვენი მთავარი ამოცანა, როცა არჩევნების სწრაფად ჩატარება გადავწყვიტეთ, იყო ის, რომ დასრულებულიყო რევოლუციური ციკლი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გადასულიყო ნორმალური მუშაობის რეჟიმში. თუ დანიშნულ დროში არჩევნების სრულფასოვნად ჩატარება ვერ მოხერხდა,  მაშინ პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება არჩევნების გადადების გადაწყვეტილება მივიღოთ”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


აჭარის ავტონომიური სტატუსი 2000 წლის აპრილში კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებებით განსაზღვრა საქართველოს პარლამენტმა. იქვე, განისაზღვრა კონსტუტუციური კანონის მიღების ვალდებულება, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნას მოახდენდა. ანალოგიური ვალდებულება აქვს საქართველოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული 1999 წლიდან.
 
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი უკვე მიესალმა საქართველოს პარლამენტში აჭარის სტატუსის შესახებ კანონზე მუშაობის დაწყებას და განაცხადა, რომ ევროპის საბჭო მზად არის ამ მხრივ საქართველოს მაქსიმალური დახმარება გაუწიოს.
 
“ბათუმსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი, ამ ტიპის კანონმდებლობის არარსებობაც იყო, რადგან ასეთ ვითარებაში გაურკვეველია, თუ რა უფლებამოსილებები გააჩნია ცენტრალურ ხელისუფლებას და რა უფლებები ავტონომიას”, განაცხადა 14 მაისს მოსკოვში ვიზიტისას ვალტერ შვიმერმა.
 
შესაბამისი კანონმდებლობის არ არსებობა რეგიონს განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობის საშულებას აძლევდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ცენტრის მხრიდან კონტროლი მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
 
“ის უსაზღვროდ გაზრდილი ფუნქციები, რომელიც ჰქონდა მითვისებული აჭარას ხელოვნურად, ბუნებრივია, რომ ვეღარ ექნება. ეს არის მცდელობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცენტრალურ და რეგიონალურ ხელისუფლებას შორის გაიმიჯნოს კომპეტენციები”, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
 
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებები ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად იზღუდება. აჭარის საკანონმდებლო – უმაღლესი საბჭო და აღმასრულებელი – აღმასრულებელი საბჭო – ხელისუფლების ფუნქციები შეზღუდულია და მათი ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების ხარისხი იზრდება. 


საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უმაღლესი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეთა კანდიდატურებს დასამტკიცებლად. საქართველოს პრეზიდენტს ასევე ენიჭება ამ ორგანოთა დათხოვნის უფლებაც.
 
კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იკრძალება  “ჩოლოქის” ტიპის ბარიერების შექმნა, რასაც ადგილი აბაშიძის რეჟიმის დროს ჰქონდა, რადგან ავტონომიას “არ აქვს უფლება დაადგინოს ისეთი შეზღუდვები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს შეუშლის მოქალაქის გადაადგილებას ან შეზღუდავს მის უფლებებს”, ნათქვამია კანონპროექტში.   


 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში ადგილობრივი მნიშნველობის ის საკითხები რჩება, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უშიშროების საკითხებს არ უკავშირდება.


ასევე, აჭარას რჩება ფინანსური ავტონომიურობის უფლება. კანონპროექტის თანახმად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა განკარგავს მის მიერ შემოღებული გადასახადებისა და მოსაკრებლების აკრეფით მიღებულ შემოსავლებს.“ 


წარმოდგენილი კანონპროექტით, ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ოპოზიციის წინადადებაზე ჩატარებულიყო აჭარაში პლებისციტი და ადგილობრივ მოსახლეობას თავად გამოეთქვა აზრი სურდათ თუ არა ავტონომია.


“ეჭვს ბადებს ის აგრესია, რომელიც პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან. ლამის ამ იდეის ავტორები კონტრრევოლუციონერებად მოგვნათლეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას რუსეთის წინაშე რაღაც ვალდებულებები აქვს აღებული”, განაცხადა დავით გამყრელიძემ.


როგორც ცნობილია, აჭარის კრიზისის დაძლევაში რუსეთმაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ასლან აბაშიძემ ბათუმი 6 მაისს მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან გამართა მოლაპარაკებები.


“მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელები აცხადებენ, რომ თბილისი მოსკოვთან გარიგებაზე წავიდა, რის შედეგადაც რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებისგან აჭარის ავტონომიის შენარჩუნების გარანტიები მიიღო.
 
“არავითარი შეთანხმება რუსეთთან, აჭარის სტატუსთან დაკავშირებით არც ყოფილა და არც შეიძლება იყოს, რადგან აჭარის სტატუსი არის საქართველოს საშინაო საქმე”, უარყო ეს მოსაზრება პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.
 
წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვას, თბილისსა და ბათუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ, პარლამენტი სავარაუდოდ 18 მაისს დაიწყებს.

Back to top button