
ახალი ამბები
დავოსში მყოფი სააკაშვილი ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს
არჩეული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, საქართველოში ინვესტიციებისა და დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით შემდგომი ექვსი თვე უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოში რეფორმების გატარებისთვის. მისი თქმით, ამ მხრივ უცხოური ინვესტიციები და დახმარებები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.
სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხს დავოსში გამართულ ყველა შეხვედრის დროს განიხილავს.
მოსალოდნელია, რომ დღეს სააკაშვილი კანადისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე პოლონეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 23 იანვარს დაბრუნდება.