
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში ჩამოდის
(თბილისი, 21 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბრიუს ჯორჯი დღეს თბილისში ჩამოდის. იგი ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიას უხელმძღვანელებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბრიუს ჯორჯი ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარის სპეციალური კოორდინატორის ფუნქციას შეასრულებს და არჩევნების შემდგომ წინასწარ განცხადებას 24 ნოემბერს გააკეთებს.
არჩევნების მეორე ტური იმ ოლქებში ჩატარდება, სადაც 2 ნოემბერს პირველი ტურის დროს კანდიდატები ვერ შეირჩა. ბრიუს ჯორჯი ეუთო-ს მოქმედი თავჯდომარის სპეციალური კოორდინატორის ფუქციებს არჩევნების პირველი ტურის დროსაც ასრულებდა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებისგან შემდგარმა არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიამ და ევროპის პარლამენტმა 3 ნოემბერს განაცხადეს, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.