
შევარდნაძე ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ძალაუფლებისთვის ბრძოლად აფასებს
(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების მიერ საპროტესტო აქციების მოწყობას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ძალაუფლებისთვის ბრძოლად აფასებს და აცხადებს, რომ მათ მხოლოდ ეს ინტერესი ამოძრავებთ, და არა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. მისივე თქმით, იგი მოვლენების ასეთი სახით განვითარებას ელოდა.
“ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის უკადრისი ხერხებით და ათიათასობით ადამიანის გულწრფელობის ბოროტად გამოყენებით. ყველას ვეუბნები, რომ ძალადობით პრეზიდენტის პოსტს ვერ დაეუფლებიან. აქ გასაკვირი არაფერია, მანამდეც ისეთი საინფორმაციო ფონი იყო, რომ მოვლენების ასე განვითარება მოსალოდნელი იყო”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა თავის რადიო-ინტერვიუში.
მისი თქმით, თავად ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც ხალხს მოუწოდებენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ, ერთი მოსაზრების არ არიან. ერთი ითხოვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთვალყურეობით მოხდეს მონაცემების დაჯამება და მათი გამარჯვების აღიარება, მეორე კი – საერთოდ, კომისიის შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.
“უცნაური და ცოტა კომიკური სიტუაციაა ის, რომ ეს ადამიანები ერთობლივად ატარებენ მიტინგებს. ვეკითხები მათ, ვინც ამ მიტინგებზე იკრიბება, ძვირფასო თანამემამულენო, ნუთუ ვერ ამჩნევთ ბრმა იარაღად რომ გიყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის”, – მიმართა მოსახლეობას პრეზიდენტმა თავის რადიო-ინტერვიუში.
იგი მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციებში და მშვიდობიანად დაიშალნენ. ასევე მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს სიმშვიდის და წესრიგის დაცვისთვის. მისი თქმით, გარკევული პროვოკაციის მოწყობის შემთხვევაში დაიწყებოდა ქაოსი.