
ოპოზიცია დღეიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიას იწყებს
(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციის ლიდერებმა 16 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობას მოუწოდეს 17 ნოემბრიდან საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას შეუერთდნენ.
ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა კვირას, 16 ნოემბერს ფილარმონიაში მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობა დილის 11 საათზე დაიწყება პრეზიდენტ შევარდნაძის რადიო-ინტერვიუსთან ერთად.
მან მოუწოდა მხარდამჭერებს გააჩერონ თავიანთი მანქანები და ერთი წუთის განმავლობაში ჩართონ საყვირები, როგორც დაუმორჩილებლობის კამპანიის დაწყების მაჩვენებელი.
მან მოუწოდა სახელისუფლებო სტრუქტურების და სკოლების თანამშრომლებს გაიფიცონ, ხოლო ბიზნესმენებს გადაიხადონ მხოლოდ ის გადასახადები, რომლებიც სოციალურ, სახელფასო და საპენსიო ფონდებში მიდის.
ოპოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კამპანია მშვიდობიანი იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება. “ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ შევეწინააღმდეგოთ ხელისუფლებას, რომელმაც ჩვენ ხმის უფლება წაგვართვა”, – განაცხადა ოპოზიცირ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 16 ნოემბერს.