
ახალი ამბები
შიმშილობის აქციას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც უერთდებიან
(თბილისი, 12 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქამალ მურადხანოვი, ნაციონალური მოძრაობის წევრი და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, დღეს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე შიმშილობის აქციას შეუერთდა.
მისი განცხადებით, ქვემო ქართლში არჩევნები მთლიანად გაყალბდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა შიმშილობის აქციის მონაწილეებს.
ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური ორგანიზაციის ოთხმა წევრმა დღეს ქუთაისშიც დაიწყო შიმშილობის აქცია. ისინი ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
ოპოზიციის მომხრეთა და საზოგადოების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია მეხუთე უკვე დღეა გრძელდება პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილენი არჩევნების შედეგების გაუქმებას და შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ.