skip to content
ახალი ამბები

რამსფელდმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომელიც დღეს ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა, შეხვედრები გამართა საქართველოს დროებითი მთავრობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას.

“როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რუსეთმა უნდა შეასრულოს სტამბულის სამიტზე აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველო კვლავ რჩება დასავლეთის ახლო მეგობრად. მე მივესალმები საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. სანდო საარჩევნო პროცესი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ჩვენის მხრივ, მზად ვართ ყველანაირი დახმარება გავიწიოთ ქვეყანას”, – განაცხადა რამსფელდმა ბრიფინგზე.

მან მადლობა მოუხადა საქართველოს ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის და მზადყოფნა გამოხატა სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის.

“საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ჩვენ სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ვთვლით, რომ “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა წარმატებული იყო და გვჯერა თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. იმედია, საქართველო განაგრძობს სამხედრო რეფორმების განხორციელებას ქვეყანაში, რაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს”, – განაცხადა დონალდ რამსფელდმა.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის კომენტირებისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და ის თანამშრომლობს ნატოსთან.

“ახალმა ხელმძღვანელობამ დაგვარწმუნა, რომ ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ნატო დემოკრატიულ ქვეყანათა ალიანსია. ჩვენ ველით საქართველოს მხრიდან პოლიტიკური, ეკონომიკური და, ბუნებრივია, სამხედრო რეფორმების გატარებას, რაც ქვეყანას ნატოსთან კიდევ უფრო დააახლოებს”, – აღნიშნა რამსფელდმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ თბილისში ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაცია იმყოფება, კიდევ ერთხელ მიუთითებს აშშ-ის სურვილზე განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე საუბრისას დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის სამხედრო უწყებებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გულისხმობს პროგრამის დასრულების შემდეგ გარკვეული დახმარების გაწევას. მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამხედრო თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანას შორის მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას აშშ-სთან პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

“საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია უცვლელი რჩება და ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაცია წარმოადგენს” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 5 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მან მადლობა მოუხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის კომენტირებისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოფიციალური რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა არსებობენ გარკვეული ძალები რუსეთში, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ სეპარატისტულ რეჟიმებს საქართველოში.

“რომ არა ეს ძალები და მათი მხარდაჭერა სეპარატისტების მიმართ, კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკვე მოგვარებული იქნებოდა” – დასძინა მოქმედმა პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button