
უშიშროება პანკისის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აქვეყნებს
საქართველოს უშიშროების სამინისტრო პანკისის ხეობის შესახებ აქამდე გასაიდუმლეობულ მასალებს აქვეყნებს, მათ შორის ვიდეო კადრებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება პანკისში ჩეჩენ და არაბ მეომართა მოსამზადებელი ბაზების, სხვადასხვა ტერორისტული ობიექტებისა და ალ-ქაიდასთან დაახლოებული პირების ყოფნა. უშიშროების მიერ გავრცელებულ კადრებზე ასახულია თუ როგორ გადაადგილდებიან კარგად შეიარარებული და შესანიშნავად ეკიპირებული მეომრები პანკისის ხეობაში. უშიშროების სამინისტროს მონაცემებით პანკისის ხეობაში, როლის სიგრძეც სამ ათეულ კილომეტერს არ აღემატება, 700-მდე ჩეჩენი და 100 არაბი მეომარი იმყოფებოდა. სამინისტრომ ყველა იმ საველე მეთაურის ვინაობა დაასახელა ვინც კი ოდესმე პანკისში აფარებდა თავს. ესენი არიან: რუსლან (ჰამზატ) გელაევი, რომლის რაზმში 200-250 მებრძოლი ირიცხებოდა და რომლის დაკავებას და გადაცემას მოსკოვმა რამდენჯერმე მოთხოვა თბილის, ვინმე ბატია (“დაბალი”) _ 100-120 მებრძოლი, დოკა ომაროვი (იგივე ჰასანოვი) _ 130-150 მებრძოლი, ჰუსეინ ესებაევი (ისიბაევი) _ 130-140 მებრძოლი, ამჟეტი (იგივე აბუ ჰაფსი) _ 80-მდე “მოჯაჰედის” ხელმძღვანელი. თუ ამ საველე მეთაურების უმრავლესობაზე ადრე ცნობები ასე-თუ ისე ვრცელდებოდა, არაბი წარმოშობის ამჟეტის შესახებ ინფორმაცია დღევანდლამდე არ გავრცელებულა. როგორც უშიშროების სამინსიტროში აცხადებენ ეს პიროვნება ბინ-ლადენის უახლოეს გარემოცვასთან დაახლოებულ პირს წარმოადგენს და რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნება. “ამჟეტი პანკისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობას კურირებდა და რომელთანაც ფინანსები პირდაპირ ალ-ქაიდას არხებიდან მოდიოდა,” აცხადებს ლალიაშვილი. 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტებიდან რამოდენიმე წუთში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ ავთანეთიდან პანკისის ხეობაში მობილური სატელეფონო ზარი დაფიქსირდა. უშიშროების სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ზართან სწორედ ამჟეტს ჰქონოდა კავშირი. უშიშროების სამინსიტროს მონაცემებით ამჟეტმა, ისევე როგორც ჩეჩენ და არაბ მეომართა დიდმა ნაწილმა, პანკისი ხეობაში აგვისტოში დაწყებული აქტიური ანტი-კრიმინალური ოპერაციის შემდეგ დატოვა. “ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სად შეიძლება იგი ამჟამად იყოს. მეომართა ერთი ნაწილმა ჩეჩნეთში მოახერხა გადასვლა, ერთმა ნაწილმა კი დაყარა იარაღი ყალბი პასპორტების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებში გადავიდნენ,” ამბობს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი. ლალიაშვილის განცხადებით არაბ ემისრებს ყველაფერი კარგად ჰქონდათ ორგანიზებული. მებრძოლების გარდა პანკისში საქმიანობდნენ არაბული წარმოშვების რელიგიური ემისრები (“ვაჰაბიზმის სულიერი მამები”), რომლებიც ვაჰაბისტური სკოლების ფუნქციონირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. პანკისში ამ სახის რამოდენიმე სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც ბავშვებს ვაჰაბიზმის იდეებს ასწავლიდნენ. “პანკისში არიან ბავშვები, რომლებიც ქართულზე გაცილებით უკეთესაც არაბულად საუბრობენ,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ლალიაშვილმა. პანკისში არსებობდა ინტერნეტ ცენტრი, რამოდენიმე ლეპტოპითა და სატელიტური კავშირით, რომლის მეშვეობითაც ძირითადად პროპაგანდისტული საქმიანობა და მოხალისეთა რეკრუტირება ხორციელდებოდა. “სხვათა შორის ამ პროპაგანდის საფუძველზე მოხვდა იაპონიის მოქალაქე პანკისში, რომელიც შემდგომში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს,” ამბობს ლალიაშვილი. ვაჰაბისტურ სკოლებთან და ინტერნეტ ცენტრთან ერთად პანკისში მეომართა მოსამზადებელი რამოდენიმე ცენტრიც არსებობდა. “ჩვენ გაგვაჩნია ამ ცენტრებიდან ამოღებული კონსპექტები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს საცხოვრებელი სახლების აფეთქება, დივერსიები, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება და ასე შემდეგ,” აცხადებს ლალიაშვილი. პანკისში დაბანაკებულ მეომრებს შესანიშნავი ფინანსური უზრუნველყოფა ჰქონდათ. მათთან ფული პირდაპირ ალ-ქაიდას ფინანსური ხაზებიდან მოედინებოდა. თუმცა, როგორც უშიშროების სამინისტროში აცხადებენ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, როდესაც მოხდა ტერორიზმტან კავშირში მყოფი ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვა, “პანკისელ” მეომრებსაც პრობლემები გაუჩნდათ, რის შემდეგაც პანკისში ფინანსური სახსრები მთლიანად ნაღდი ფულით მიედინებოდა. საქართველოს უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ ყოველივე ამ ინფორმაციის შეგროვება და პანკისში წესრიგის აღდგენა აშშ-სა და რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხდა. “სამკუთხედმა ამერიკა-რუსეთი-საქართველო წარმატებით იმუშავა. პანკისში იმყოფებოდნენ ისეთი პიროვნებები და დაჯგუფებები რომელებიც სამივე სახელმწიფოს ინტერესის სფეროში მოექცნენ,” აცხადებს ლალიაშვილი. ლალიაშვილი აცხადებს, რომ უშიშროების სამინისტრომ პანკისში წესრიგის აღდგენაზე სერიოზული ზრუნვა 2002 წლის იანვრიდან დაიწყო და პირველ რიგში ხეობაში არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყო. ამის პარალელურად უკვე ხორციელდებოდა ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებიც, რაც აგვისტოში ფართომაშტაბიან ანტი-კრიმინალურ ოპერაციაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ჩეჩენმა და არაბმა მეომრებმა ხეობის დატოვება დაიწყეს. ხოლო ნოემბერის ბოლოს კი საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პანკისში მთლიანად კონტროლის ქვეშ იყო. ქართველი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ამჟამად პანკისში დარჩენილია რამოდენიმე კრიმინალი, რომლებსაც ჩეჩენ და არაბ მეომრებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ლალიაშვილი არ გამორიცხავს რომ ხეობაში შესაძლოა იყვნენ ცალკეული მეომრებიც, რომელთა გამოვლენისთვის ამჟამად უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებენ. “დღესდღეობით ჩვენს ძირითად საზრუნავს წარმოადგენს გავაკეთოთ ყველაფერი რათა გაზაფხულის დადგომასთან ერთად არ მოხდეს მეომართა ახალი ნაკადის ჩეჩნეთიდან პანკისში გადმოსვლა,” აცხადებს ლალიაშვილი. გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯიაvideo format » WMV
donwload size » 448 kb
“ეს მასალები დღეს უკვე ოპერატიულ ღირებულებას არ წარმოადგენს და ამიტომაც გამოვამზეურეთ. ჩვენ კიდევ მრავალი მასალა გაგვაჩნია, რომელთა გამოქვეყნება, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია,” განუცხადა უშიშროების სამინისიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა “სივილ ჯორჯიას.”video format WMV
donwload size 218 kb video format WMV
donwload size 164 kb video format WMV
donwload size 597 kb video format WMV
donwload size 348 kb