ახალი ამბები

პარლამენტი განმეორებით შეუდგა წლევანდელი ბიუჯეტის განხილვას

(თბილისი, 17 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური ფრაქციების მხრიდან გამოთქმული პროტესტების მიუხედავად თავის დღევანდელ საგანგებო სხდომაზე პარლამეტი მაინც შეუდგა 2003 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რომელიც მთავრობამ განმეორებით შეიტანა პარლამენტში დასამტკიცებლად მას შემდეგ, რაც დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ის არ დაამტკიცა.

“არანაირი აზრი არ აქვს ბიუჯეტის განხილვას, თუ მასში არანაირი ცვლილება არ შესულა”, – განაცხადა დღეს დღის წესრიგის დამტკიცებისას ფრაქცია “აღორზინების” ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ. მის პროტესტს მხარი დაუჭირეს გაერთიანებულმა დემოკრატებმაც.

მთავრობამ პარლამენტს ახალი პროექტი წარუდგინა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი ახცადებს, მასში განსაკუთრებული ცვლილებები არ შესულა.

იანვრის დასაწყისში სახელისუფლებო ფრაქციებმა უმრავლესობა შექმნეს ბიუჯეტის დამტკიცების გარანტირებისთვის.

Back to top button