skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთში

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18-26 სექტემბერს ვაშინგტონში, კიევსა და მოსკოვში ვიზიტებით იმყოფებოდა.

სააკაშვილი შეხვდა ამერიკელ სენატორებსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. “ამერიკის სენატი აპირებს საქართველოსთვის “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ფარგლებში სამხედრო დახმარება კიდევ 2 წლით გააგრძელოს და, შესაბამისად, გაზარდოს ამ სფეროს დაფინანსება”, აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად უახლოეს დღეებში სენატი განცხადების მიღებას აპირებს.

უკრაინაში ვიზიტისას, სააკაშვილი შეხვდა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერს და უკრაინის პარლამენტის დეპუტატებს. “უკრაინისა და საქართველოს ოპოზიციების კოორდინაციამ უკვე ჩაშალა იტერას მცდელობა დაეპატრონოს ორი ქვეყნის გაზის სისტემას”, განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.  

მოსკოვში კი მიხეილ სააკაშვილი ესაუბრა სახელმწიფო დუმის იმ ფრაქციათა ლიდერებს, რომელთაც ხმა არ მისცეს საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენებას.

“მიუხედავად საქართველოს დღევანდელი მთავრობის არაპოპულარობისა, თუ რუსეთი თავს დაესხმება საქართველოს, მთელი ქართველი ერი, მათ შორის ოპოზიცია, საქართველოს დასაცავად ხელში იარაღს აიღებს”, აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა.

Back to top button