ჩუტყვავილა და ზოსტერი: ერთი ვირუსის ორმაგი საფრთხე
ამას წინათ, უქმეებზე, დილით მეგობარს დავურეკე, ქალაქგარეთ გავიდეთ, გავნიავდეთ-მეთქი. ვერაო, მიპასუხა, ჩემს შვილს სიცხეები აქვს და მთელს ტანზე გამოაყარა, ექიმმა თქვა ჩუტყვავილა არისო. თვითონაც იზოლაციაში იყო. ღელავდა, ეგონა, რომ შვილისთვის ყველა საჭირო აცრა, მათ შორის, ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც გაკეთებული ჰქონდა.
საქმე ისაა, რომ ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა კი არსებობს, მაგრამ საქართველოში არასოდეს შედიოდა ბავშვთა გეგმიური აცრების სიაში, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით… როგორც აღმოჩნდა, მის 4 წლის შვილს ჩუტყვავილა საბავშვო ბაღში გადაედო და გაირკვა, რომ თანაბაღელების ნახევარზე მეტს მსგავსი სიმპტომები გამოვლენია.
გასეირნება მეორე დღეს მაინც გამოგვივიდა, ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ანტისხეულების ანალიზის გაკეთება ვურჩიე – თუ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, გადატანილი გექნება, არ დაგემართება და გადამდებიც ვერ იქნები-მეთქი. ასეც მოხდა, ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა და მეგობარს ჩუტყვავილა არ გადაედო. შვილმაც იოლად გადაიტანა ინფექცია.
ამ შემთხვევამ ჩემი ბავშვობა გამახსენა, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩემს სკოლაში ჩუტყვავილა გავრცელდა. მშობლებმა 10 დღე სკოლაში არ გამიშვეს და ინფექციასაც გადავურჩი. როცა დავბრუნდი, კლასში მწვანედ დაწინწკლული ბავშვები დამხვდნენ. თითქმის მორჩენილ გამონაყარზე ბრილიანტის მწვანე, ე. წ. „ზელიონკა“ ჰქონდათ წასმული. მძიმე გართულებები არავის ჰქონია, თუმცა, ზოგიერთს დღემდე შემორჩენილი აქვს გამონაყარის კვალი. მას შემდეგ დაახლოებით ორი ათწლეულია გასული და სურათი დღესაც მსგავსია: ჩუტყვავილა ყოველწლიურად ისევ აინფიცირებს ათასობით ბავშვს, მათ მშობლებს, ორსულებს და სიცოცხლის განმავლობაში თითქმის ყველას სწვდება, ვისაც ინფექცია გადატანილი არ აქვს ან არ არის აცრილი.
ჩემს მეგობართან ერთად სეირნობისას, მთელი დრო ჩუტყვავილაზე ლაპარაკს დავუთმეთ. ყველაფერი აინტერესებდა: „ზელიონკა წავუსვა?“ „ვაქცინა თუ არსებობს, რატომ არ შედის ჩვენთან აცრების სიაში?” „რამდენ ხანში გაუვლის?” „იქავებს ძალიან და ინფექცია არ შეიტანოს“, „დავბანო?“, „ანტიბიოტიკი სჭირდება“? „რამე გართულებები ხომ არ აქვს?“ „შრამი დარჩება?“
ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია
ვცდილობდი ყველაფერზე მეპასუხა და სწორი მითითებები მიმეცა, თან ვფიქრობდი, ასეთმა მზრუნველმა მშობელმა თუ ბევრი არაფერი იცის ჩუტყვავილაზე, მის კითხვებზე პასუხები საჯაროდაც რომ იყოს სადმე ერთიანად თავმოყრილი, სხვებსაც გამოადგებათ-მეთქი. ბოლო-ბოლო, საქართველოში ხომ ყოველ წელს 8 000 – 10 000 ბავშვი ავადდება ჩუტყვავილით და ჩემი ბავშვობის დროის არ იყოს, ეს ინფექცია დღემდე არაერთი ოჯახის და მშობლის თავსატკივარია.
ასეც გამოვიდა, ჩემი მეგობრის დასმულ შეკითხვებს ამ სტატიაში შევეცდები პასუხები წერილობითადაც გავცე და ჩუტყვავილასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დავფარო. მოდით დავიწყოთ ჩუტყვავილის ვირუსის მოკლე მიმოხილვით.
ერთი ვირუსი – ორი დაავადება
ჩუტყვავილის გამომწვევ ვირუსს ვარიცელა-ზოსტერის (Varicella-Zoster) ვირუსი ეწოდება. ვირუსის სახელწოდებას საინტერესო ისტორია აქვს. Varicella ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და „Variola”-დან მომდინარეობს, რომლითაც ძველად ადამიანის ყვავილს მოიხსენიებდნენ.
ყვავილი, რომელიც ამოვძირკვეთ
დიდი ხნის განმავლობაში, გამონაყრის და სხვა მახასიათებლების მსგავსებიდან გამომდინარე, ჩუტყვავილას ადამიანის ყვავილის მსუბუქ ფორმად მიიჩნევდნენ. Variola-ს, იგივე ადამიანის ყვავილის კნინობითი სუფიქსი „ella”-ც სწორედ აქედან გაჩნდა – Varicella, ანუ მცირე ყვავილი, იგივე ჩუტყვავილა. სინამდვილეში, ადამიანის ყვავილისა და ჩუტყვავილის გამომწვევ ვირუსებს ერთმანეთთან ბევრი არაფერი აქვთ საერთო და ისინი სხვადასხვა ოჯახის ვირუსებს განეკუთვნებიან. მე-20 საუკუნის შუა ხანს გავიგეთ, რომ ჩუტყვავილის ვირუსი ბევრისთვის კარგად ნაცნობ, ადამიანის ჰერპესვირუსების ოჯახს განეკუთვნება.
ვირუსის არატრადიციული სახელწოდების არსი ისაა, რომ ამ ვირუსს ორი სხვადასხვა დაავადების – ჩუტყვავილის და ჰერპეს-ზოსტერის (ან, უბრალოდ, ზოსტერის) გამოწვევა შეუძლია.
შეამჩნევდით, რომ ვირუსის სახელი ორნაწილიანია (ვარიცელა-ზოსტერი), რაც, ერთი შეხედვით, უცნაურია, თუმცა, თუ ვირუსის ბუნებას გავეცნობით, მისი სახელწოდებაც აღარ მოგვეჩვენება უცნაურად. „ზოსტერი“ (ζωστήρ) ძველი ბერძნულიდან მომდინარე სიტყვაა და „სარტყელს“ ან „ქამარს“ ნიშნავს. ამგვარად, სიტყვა-სიტყვით, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი ნიშნავს „მცირე ყვავილი-სარტყლის“ ვირუსს. ვირუსის არატრადიციული სახელწოდების არსი ისაა, რომ ამ ვირუსს ორი სხვადასხვა დაავადების – ჩუტყვავილის და ჰერპეს-ზოსტერის (ან, უბრალოდ, ზოსტერის) გამოწვევა შეუძლია. დეტალურად განვიხილოთ, როგორ ახერხებს ვირუსი ამას.
გადაცემის გზები და სიმპტომები – ჩუტყვავილიდან ზოსტერამდე
ჩუტყვავილა ძალიან მარტივად გადამდები ინფექციაა და ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით ვრცელდება, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეებსა და ხალმხრავალ ადგილებში. ჩუტყვავილის მქონე ადამიანთან ხანმოკლე საუბარიც კი საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ვირუსით დასაინფიცირებლად. ინფიცირების შემთხვევაში, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი სასუნთქ გზებში ხვდება და ფილტვებიდან სისხლის მიმოქცევასა და ლიმფურ სადინარებში გადადის. სისხლი ვირუსისთვის ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებს და სხეულის სხვადასხვა ადგილას კანთან მიჰყავს. შედეგად კი კანზე ჩუტყვავილის დამახასიათებელი გამონაყარი ვითარდება: თავდაპირველად გულ-მკერდზე, ზურგზე ან სახეზე ვლინდება ქავანა, წითელი ლაქები, რომელიც შემდეგ სითხით სავსე ბუშტუკებად ყალიბდება, საბოლოოდ კი ქერქდება, ძვრება და, ხშირად, კანიც მთელდება. გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ან თან ახლდეს თავის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, ზოგადი სისუსტე, უმადობა და ცხელება. სიმპტომები დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გრძელდება და ადამიანი გადამდებად აღარ ითვლება მაშინ, როდესაც ყველა ბუშტუკი დაქერქდება და ალაგების ფაზაში გადადის. ინფექციის გადატანის შემთხვევაში, ჩუტყვავილით ხელახალი დაინფიცირებისგან ადამიანი, როგორც წესი, მთელი სიცოცხლის განმავლობაშია დაცული.
ინფიცირებიდან სრულად გამოჯანმრთელებას 1-2 კვირა სჭირდება ხოლმე, თუმცა სიმპტომებისგან განსხვავებით, ჩუტყვავილის, ანუ ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი ჩვენს ორგანიზმს არასდროს დატოვებს.
ინფიცირებიდან სრულად გამოჯანმრთელებას 1-2 კვირა სჭირდება ხოლმე, თუმცა სიმპტომებისგან განსხვავებით, ჩუტყვავილის, ანუ ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი ჩვენს ორგანიზმს არასდროს დატოვებს. ვირუსი ნერვულ კვანძებში იბუდებს და ლატენტურ, ე. წ. „მძინარე“ ფაზაში გადადის. ამ ფაზაში ვირუსის გამრავლების ტემპი უკიდურესად დაბალია და სიმპტომების განვითარებას არ იწვევს. თუმცა, სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია ვირუსის გამოცოცხლება. ეს განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში, იმუნიტეტის დაქვეითების დროს, ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში და იმუნიტეტის დამთრგუნავი პრეპარატების მიღებისას. ნერვში ლატენტურად მყოფი ვირუსის რეაქტივაცია იწვევს ძალიან მტკივნეული გამონაყრის გაჩენას კანის იმ უბანზე, რომელსაც ეს ნერვი ამარაგებს. გამონაყარი, როგორც წესი, მუცლის, გულმკერდის ან ზურგის/წელის მიდამოში ვლინდება და სარტყლისებრ ფორმას იღებს. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება ზოსტერი.
ზოსტერი არ უნდა აგვერიოს ჩვენთვის ნაცნობი სხვა ჰერპესვირუსებით გამოწვეულ ინფექციებში, მაგ., პირველი ტიპის მარტივ ჰერპესვირუსში, რომელიც ძირითადად ტუჩებზე ან ცხირის ქვემოთ იწვევს მტკივნეულ გამონაყარს.
ზოსტერის მქონე პაციენტთან კონტაქტის დროს შესაძლოა დაინფიცირდეთ ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით. საინტერესო ის გახლავთ, რომ ინფიცირების შემთხვევაში დაგემართებათ ჩუტყვავილა და არა ზოსტერი.
დავუბრუნდეთ ზოსტერს. გამონაყარი შესახედავად წვრილბუშტუკოვანია და, შესაძლოა, ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. როგორც წესი, ტკივილიც გამონაყართან ერთად გაივლის. ზოსტერი ჩუტყვავილასთან შედარებით ძნელად, თუმცა, ასევე გადამდებია და ვრცელდება ბუშტუკებთან პირდაპირი კონტაქტის ან მისი შიგთავსის შესუნთქვის შედეგად. თუ თქვენ ჩუტყვავილა არ გაქვთ გადატანილი ან არ ხართ მის წინააღმდეგ აცრილი, ზოსტერის მქონე პაციენტთან კონტაქტის დროს შესაძლოა დაინფიცირდეთ ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით. საინტერესო ის გახლავთ, რომ ინფიცირების შემთხვევაში დაგემართებათ ჩუტყვავილა და არა ზოსტერი.
ჩუტყვავილის და ზოსტერის მართვა ბავშვებსა და მოზრდილებში – გავრცელებული მითები და მართებული მიდგომები
ბავშვებში ჩუტყვავილა ძირითადად მსუბუქი, თვითგანკურნებადი დაავადებაა. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზრდილებში, ორსულებში და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში, იშვიათად, ჩუტყვავილას შეიძლება მოჰყვეს მძიმე გართულებები, მაგ., ფილტვების ანთება და თავის ტვინის შეშუპება.
ჩუტყვავილის მკურნალობის შესახებ ჩვენში არაერთი მითია გავრცელებული, რომელიც ამ მსუბუქ დაავადებას ხელოვნურად ართულებს.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩუტყვავილას დროს ბრილიანტის მწვანეს, ანუ „ზელიონკის“ წასმას გამონაყარზე სამკურნალო ეფექტი არ აქვს. ეს ნივთიერება ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის წინააღმდეგ უმოქმედოა და ამავდროულად ნიღბავს გამონაყრის შესახედაობას.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სანამ გამონაყარი არსებობს, არ შეიძლება დაბანა. სინამდვილეში, ჩუტყვავილის დროს რეგულარული დაბანა საპნითა და გრილი წყლით აუცილებელიც კია, ვინაიდან ხანგრძლივად დაუბანელ კანზე ბაქტერიები შეიძლება დაგროვდეს და ბუშტუკებში ბაქტერიული ინფექცია გაჩნდეს. ბაქტერიული ინფექციის განვითარება ბუშტუკებში ზრდის გართულებების და კანზე კვალის დატოვების რისკს.
ანტიბიოტიკები ჩუტყვავილის, ისევე, როგორც ყველა სხვა ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ არაეფექტურია. ნებისმიერი ანტიბიოტიკის გამოყენება ჩვენების გარეშე საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ჩუტყვავილა ბაქტერიული ინფექციით რთულდება და ეს დადასტურდება სამედიცინო გამოკვლევებით.
ანტიბიოტიკები ჩუტყვავილის, ისევე, როგორც ყველა სხვა ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ, არაეფექტურია.
კიდევ ერთი გაუმართლებელი მიდგომა: საქართველოში კვლავ შემორჩენილია ბავშვების ხელოვნურად დაინფიცირების პრაქტიკა. თუ ოჯახში ბავშვს ჩუტყვავილა განუვითარდა, მშობლებს ზოგჯერ სხვა, ჯანმრთელი ბავშვები სპეციალურად შეჰყავთ ინფიცირებულთან კონტაქტში, რომ მათაც ერთხელ და სამუდამოდ „მოიხადონ“ ჩუტყვავილა. ეს არასწორი მიდგომაა, ვინაიდან ჩუტყვავილის სიმძიმის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია და რისკი, ამ შემთხვევაში, სარგებელს აჭარბებს, მით უმეტეს, რომ სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე ვირუსი ზოსტერის სახით შეიძლება დაბრუნდეს.
სინამდვილეში, გაურთულებელი ჩუტყვავილის მქონე ბავშვის მოვლა სახლის პირობებში სულ რამდენიმე მარტივი ჩარევით შემოიფარგლება. მაღალი ცხელების შემთხვევაში გამოიყენება პარაცეტამოლი. დაუშვებელია ასპირინის გამოყენება, ვინაიდან ბავშვებში ამ პრეპარატის მოქმედება დაკავშირებულია სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობასთან, რომელსაც რეიეს სინდრომი ჰქვია.
ტემპერატურის დასაწევად ასევე არ არის მიზანშეწონილი იბუპროფენის გამოყენება, რადგან ბაქტერიული თანაინფექციის განვითარების მაღალი რისკის არსებობს. ქავილის შესამცირებლად შესაძლებელია კალამინის შემცველი ლოსიონის ან ანტიჰისტამინური კრემის გამოყენება. თუმცა ბავშვებში ქავილის კონტროლი რთულია და ხელებზე უბრალოდ ფრჩხილების დაჭრა მნიშვნელოვნად ამცირებს გამონაყრის გაღიზიანების, ბაქტერიული ინფექციის შეჭრის და გამონაყრის კანის სხვა მიდამოებზე გავრცელების რისკს. გამონაყარი რომ არ გაღიზიანდეს, ტანსაცმელი უნდა იყოს რბილი, ბუნებრივი, „მსუნთქავი“ მასალისგან, მაგ. ბამბისგან დამზადებული და არ უნდა იყოს მჭიდროდ მოტკეცილი კანზე.
გართულებების მაღალი რისკის ჯგუფებში, 12 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩუტყვავილა შეიძლება რთული ფორმებით განვითარდეს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ჩართულობა პაციენტის დაავადების მართვაში.
ზოსტერის მკურნალობა და მართვა გამონაყრის და ტკივილის ხარისხზეა დამოკიდებული. მსუბუქ შემთხვევებში მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის. საშუალო-მძიმე ხარისხის ზოსტერის დროს, ექიმის დანიშნულებით, იყენებენ ტკივილგამაყუჩებლებს (პარაცეტამოლი) და ანტივირუსულ პრეპარატებს. ზოსტერის დროს, ბაქტერიული ინფექციის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია, რომ გამონაყარი მშრალი (დაბანის პერიოდის გარდა) და სტერილური იყოს. დაუშვებელია წებოვანი სახვევების და პლასტირების დაკვრა გამონაყრის ადგილას. გამონაყრის ალაგების შემდეგ ტკივილი შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩეს, თუმცა, როგორც წესი, თავისით გაივლის.
ჩუტყვავილა და ზოსტერი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – გავრცელება და პრევენცია
„ბავშვთა ინფექციებს“ შორის ჩუტყვავილა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ყოველწლიურად 8 000-10 000 ბავშვი ინფიცირდება. ჩუტყვავილის გავრცელების მაჩვენებელს ციკლურობა ახასიათებს და, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩუტყვავილის გავრცელების მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება. გავრცელების ციკლი ასე გამოიყურება: არაიმუნურ ბავშვებში ინფექცია სწრაფად ვრცელდება, შედეგად ბავშვებში იმუნური ფენა ჩნდება და გარკვეული დროის განმავლობაში ინფექციის გადაცემის ტემპი და, შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობაც იკლებს. ამ პერიოდში, ჩუტყვავილის მიმართ არაიმუნური ბავშვების შემდეგი „თაობა“ მოდის. მათში ინფექცია კვლავ იწყებს გავრცელებას და ვირუსიც ხელახლა კრეფს სიჩქარეს.
ჩუტყვავილის საწინააღმდეგო აცრა არათუ ახლა, არამედ არასოდეს შედიოდა გეგმიური აცრების ეროვნულ კალენდარში.
ჩუტყვავილის და ზოსტერის პრევენციის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. ჩუტყვავილის ვაქცინა 2-დოზიანია და 1 და 5 წლის ასაკში ტარდება. ვაქცინა უსაფრთხო და მაღალეფექტურია და, როგორც წესი, სიცოცხლის ბოლომდე იცავს ადამიანს ინფექციისგან. ვაქცინაციის მიუხედავად თუ ჩუტყვავილა მაინც განვითარდა (ე. წ. გამრღვევი ინფექცია), პაციენტი მას მსუბუქად გადაიტანს.
ბევრი დღემდე ფიქრობს, რომ საქართველოში ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმიური აცრების კალენდარში შედის. ჩუტყვავილის საწინააღმდეგო აცრა არათუ ახლა, არამედ არასოდეს შედიოდა გეგმიური აცრების ეროვნულ კალენდარში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბავშვებს ჩუტყვავილაზე რუტინულად ცრიდნენ, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ჩუტყვავილის ვაქცინა პირველად 1974 წელს იაპონელმა ექიმმა, მიშიაკი ტაკაჰაშიმ შექმნა და ვაქცინაცია, იაპონიაშივე, მხოლოდ 1986 წელს გახდა ხელმისაწვდომი. აქედან საბჭოთა კავშირის დაშლამდე სულ ხუთი წელიღა იყო დარჩენილი და ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა გეგმიური აცრების კალენდარში არ მოხვედრილა. ცხადია, საბჭოთა, ცენტრალიზებული მოწყობის სახელმწიფოში ვაქცინა კომერციულადაც ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი.
აშშ-ში 1995 წლიდან, მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის 25 წლის თავზე, 2020 წელს, ჩუტყვავილის შემთხვევების რაოდენობა 97%-ით შემცირდა.
საქართველო ერთადერთი არ არის იმ ქვეყანათა სიაში, რომელთაც ჩუტყვავილის ვაქცინაცია გეგმიური აცრების კალენდარში შეტანილი არ აქვთ. მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩუტყვავილა, ზოგადად, მსუბუქ ინფექციად ითვლება. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ევროკავშირში ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის გეგმიური აცრების კალენდარში და მოთხოვნით გაიცემა. ევროპის ქვეყნები გასცემენ აცრის რეკომენდაციას უნივერსალურად (ყველა აუცრელი პირისთვის), მოწყვლადი ჯგუფებისთვის ან მათი კონტაქტებისთვის.
ამ ქვეყნებში ვაქცინა ხელმისაწვდომია და, სურვილის შემთხვევაში, მშობელს, მეურვეს ან ნებისმიერ პირს შეუძლია ჩუტყვავილის წინააღმდეგ ბავშვს ვაქცინაცია ჩაუტაროს ან თავად აიცრას. საქართველოში, სურვილის შემთხვევაშიც კი, საკმაოდ რთულია ვაქცინის მოძიება. ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ხდება, ხოლო კომერციულად მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში შეიძლება მოიძებნოს, რაც, ცხადია, ჩუტყვავილის გავრცელების ფართო სურათს ვერ შეცვლის. კომერციულად ვაქცინის ხელმისაწვდომობაც ეპიზოდურია და, ხშირ შემთხვევაში, ვაქცინა ქვეყანაში საერთოდ არ მოიპოვება.
ახალი ვაქცინის შესყიდვის გადაწყვეტილებას, თითოეულ სახელმწიფოში, მრავალი ფაქტორის გათვალისწინება უძღვის წინ. ეს იმდენად ფართო საკითხია, რომ ჩვენი სტატიის კონტექსტის გათვალისწინებით, გაგვიჭირდება თემის ამომწურავად მიმოხილვა. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: იმისათვის, რომ ახალი ვაქცინის დანერგვა წარმატებული აღმოჩნდეს, ვაქცინაცია უნდა იყოს მასობრივი, საზოგადოების მხრიდან კი საჭიროა ვაქცინის ათვისების მზაობა და შესაბამისი მოთხოვნის არსებობა.
საქმე ისაა, რომ საზოგადოება არ ფლობს საკმარის ან ზუსტ ინფორმაციას ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მისი საჭიროების შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია ჩატარებული აქვს, ბევრმა კი ვაქცინის არსებობის შესახებ არც კი იცის, მით უმეტეს, კომერციულ სამედიცინო დაწესებულებებში. ბუნებრივია, რომ ინფორმაცია რაზეც არ გვაქვს, მოთხოვნაც ვერ გვექნება და ვაქცინის შემოტანას ეფექტური კომუნიკაციის კამპანიაც უნდა უმაგრებდეს ზურგს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ვაქცინის გამოჩენას ხშირად თან სდევს დეზინფორმაციისა და მითების ნიაღვარი. საქართველოში და სხვა დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ვაქცინას თავად არ აწარმოებენ, ახალი ვაქცინის დანერგვა განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ვაქცინა ძვირადღირებული პროდუქტია და მისი შემოტანა გამართლებული უნდა აღმოჩნდეს. ამასთან უნდა ითქვას, რომ არსებობს ჩუტყვავილაზე უფრო მძიმე დაავადებები, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვა საქართველოში უფრო პრიორიტეტულია (მაგ. მენინგოკოკური დაავადება). საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი აგენტის, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის ერთი დოზის ფასი კომერციულად 500-600 ლარს აღწევს, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს გეგმიური აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილია და სრულად ფინანსდება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებისთვის. მიუხედავად ამისა, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ათვისება საკმაოდ დაბალია. ასე რომ, სახელმწიფოსთვის “ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს”. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ, ვაქცინა ისეთი ტიპის პროდუქტია, რომელზე მოთხოვნის გაჩენას “ქვემოდან” არ უნდა ველოდოთ. შესაბამისად ვაქცინაციის კამპანიის წარმატებულობაზე პასუხისმგებლობის მთავარი წილი მაინც სახელმწიფოს და იმ აქტორებს ეკუთვნით, რომლებიც ვაქცინის შემოტანიდან მისი გავრცელების ჩათვლით პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან ჩართულნი. ასევე უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო საზოგადოების წვლილიც. ბოლო წლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციების თითოეულ მოქალაქემდე მისატანად ადგილობრივ არასამთავრობო თუ სათემო ორგანიზაციებს შეიძლება გადამწყვეტი როლი ჰქონდეთ, როგორც ეს MPOX-ის 2022 წლის ეპიდ-აფეთქების დროს მოხდა.
ჩუტყვავილის წინააღმდეგ წარმატებული ვაქცინაციის ისტორია აშშ-ს აქვს. აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩუტყვავილის საწინააღმდეგო აცრა ბავშვთა გეგმიური აცრების კალენდარში 1995 წელს შეიტანა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ვაქცინაციის დანერგვამდე, ყოველწლიურად, ჩუტყვავილით 4 მილიონზე მეტი ადამიანი ავადდებოდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 13 500-ს აღწევდა და სიკვდილის 100-150 შემთხვევა ფიქსირდებოდა. 1995 წლიდან, მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის 25 წლის თავზე, 2020 წელს, ჩუტყვავილის შემთხვევების რაოდენობა 97%-ით შემცირდა. ამჟამად აშშ-ში ყოველწლიურად ჩუტყვავილის 150 000 შემთხვევაზე ნაკლები ფიქსირდება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 1400-ზეა ჩამოსული, ხოლო სიკვდილის შემთხვევები – 30-მდე. მასობრივი ვაქცინაცია ეკონომიკურადაც გამართლებულია: აშშ-მა ვაქცინაციის კამპანიის შედეგად ჯანდაცვის ხარჯებიდან $23.4 მილიარდი დაზოგა, ვინაიდან პრევენცია, როგორც წესი, უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მკურნალობა და მართვა.
ვაქცინა ზოსტერის პრევენციისთვისაც არსებობს, რომელიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა ასაკობრივი თუ მოწყვლადი ჯგუფისთვის არის რეკომენდებული და 50, 60 და 70 წლის ასაკიდან ტარდება. ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კურსი ტარდება ერთ ან ორ დოზად და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის ვაქცინას ვიყენებთ. ზოსტერის ვაქცინა საქართველოში ასევე არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა ჩუტყვავილის პრევენცია ვაქცინით ავტომატურად გულისხმობს ზოსტერის პრევენციასაც, რადგან ჩუტყვავილის გადატანის გარეშე ზოსტერი არ ვითარდება.
რას ველოდოთ მომავალში?
ამ ეტაპზე ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი არ არის. კომერციულ სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინის პოვნის პროგნოზირება რთულია. შესაბამისად, ჩუტყვავილის გავრცელების თვალსაზრისით, მკვეთრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. იმუნოლოგების და ინფექციონისტების რეკომენდაციით, ჩუტყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმიური აცრების ეროვნული კალენდრის ნაწილი უნდა იყოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღეს ეს რეკომენდაცია შესრულდება. მანამდე კი, თუ თქვენს ან თქვენი ახლობლების ცხოვრებაში ეს უცნაური, ორსახელიანი ვირუსი შემოიჭრება, იცოდეთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ მას სწორი მიდგომებით.