რას გვიქადის მაიმუნის ყვავილი?
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის ირგვლივ მდებარე აფრიკულ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის შემთხვევათა რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2024 წლის 14 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მაიმუნის ყვავილის მეორე საგანგებო მდგომარეობაა. დღეის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის ვირუსი აფრიკის მიღმა სულ მცირე ორ ქვეყანაში, შვედეთსა და პაკისტანშია დაფიქსირებული. რამდენად მძიმედ მიმდინარეობს და როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილის ინფექცია? დგას თუ არა მსოფლიო ახალი პანდემიის საფრთხის წინაშე? როგორია გლობალური მზაობა მიმდინარე ეპიდაფეთქების მიმართ? სტატიაში ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემას მაიმუნის ყვავილის ორი სხვადასხვა ქვეტიპის აფეთქების მიმოხილვით შევეცდებით.
ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, ჯანმრთელობის ექსპერტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია
არსებობს მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი ძირითადი ტიპი – I და II კლადი. კლადი გულისხმობს საერთო წინაპრისა და მისი შთამომავალი ორგანიზმებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელთაც მსგავსი მახასიათებლები აქვთ. მაიმუნის ყვავილის ვირუსის I კლადით გამოწვეული ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და სიკვდილობაც უფრო მაღალი ახასიათებს (დაახლოებით 5%), ვიდრე II კლადით გამოწვეულ ინფექციას (1-3%). შედარებისთვის, COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწყისი, ვუჰანის, იგივე ველური ტიპის შტამი, 2-3%-იანი სიკვდილობით ხასიათდებოდა. შემდგომი – ალფა – შტამი კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა (3-4%), ხოლო ომიკრონის შტამის სიკვდილობა 0.1-0.3%-ს აღწევდა.
მაიმუნის ყვავილის I კლადის ენდემურ ზონად განისაზღვრება ცენტრალური აფრიკის რეგიონები, უმთავრესად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო II კლადი მეტწილად დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის ნიგერიაში, განასა და ლიბერიაში გვხვდება. ვირუსის კლადების სტრუქტურული და კლინიკური მახასიათებლები მსგავსია და ორივე კლადი საერთო, ორთოპოქსვირუსების გვარში შედის, თუმცა ისინი ეპიდემიოლოგიურად საკმარისად განსხვავდება იმისათვის, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ.
მაიმუნის ყვავილის ვირუსის I კლადით გამოწვეული ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და სიკვდილობაც უფრო მაღალი ახასიათებს (დაახლოებით 5%), ვიდრე II კლადით გამოწვეულ ინფექციას (1-3%).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაიმუნის ყვავილის 2022 წლის აფეთქებამ მისი გადაცემის გზისა და სხვა ფაქტორების გამო სტიგმისა და დისკრიმინაციის საფრთხე წარმოშვა, რის გამოც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფექციას სახელი შეუცვალა და ახლა ის MPOX-ის სახელით მოიხსენიება. თუმცა ქართულში ალტერნატიული ტერმინი ჯერ არ დამკვიდრებულა და სტატიაში ინფექციას მაიმუნის ყვავილით მოვიხსენიებთ.
მაიმუნის ყვავილის ორი განსხვავებული აფეთქება
ვირუსის მიმდინარე აფეთქება, რამაც საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში I კლადის ახალ, მუტირებულ ქვეტიპს, Iბ კლადს უკავშირდება. Iბ კლადი ადამიანებზე ცხოველებისგან ან სხვა ადამიანებისგან შეიძლება გავრცელდეს. ადამიანებს შორის ვირუსის ეს ქვეტიპი ყველაზე ხშირად ხანგრძლივი მჭიდრო კონტაქტის, კანით კანთან კონტაქტისა და ბიოლოგიურ სითხეებთან, მათ შორის ნერწყვთან და ლორწოვან გარსებთან შეხებითაც შეიძლება გავრცელდეს. Iბ კლადი ვრცელდება ვირუსით დაბინძურებული ნივთების, მაგალითად, თეთრეულის, ტანსაცმლისა და პირსახოცის გაზიარებითაც. ვირუსი ორგანიზმში დაზიანებული კანის, ლორწოვანი გარსებისა და სასუნთქი გზების გავლით ხვდება. ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს სქესობრივი კავშირით.
თუმცა, ბოლოდროინდელი პანდემიების გამომწვევი ვირუსების, მაგალითად, „ღორის გრიპისა“ და SARS-COV-2-გან (COVID-19) განსხვავებით, მაიმუნის ყვავილი ნაკლებად ვრცელდება წვეთოვანი და აეროგენური გზებით. ეს ნაკლებად სავარაუდოს ხდის მაიმუნის ყვავილის ძალიან სწრაფი ტემპით გავრცელებას. ვირუსისგან თავდაცვას და, შესაბამისად, გავრცელების შენელებას ინფიცირებულებში ხილული გამონაყარის არსებობაც აიოლებს.
მაიმუნის ყვავილით ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე დრო, იგივე ინკუბაციური პერიოდი, 3-17 დღეს შეადგენს. ინფექცია ზოგადი, არასპეციფიკური სიმპტომებით იწყება და ახასიათებს ცხელება, კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების შესივება, გადაღლილობა და შეციება/ჟრჟოლა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური გამონაყარი კი ამ სიმპტომებიდან 1-4 დღის განმავლობაში ვლინდება, ყველაზე ხშირად ხელებსა და ფეხებზე, ტანზე, მკერდზე, სახესა და გენიტალიებზე. გამონაყარი რამდენიმე სტადიას გადის და ყალიბდება ჩირქით სავსე, ამობურცულ მრავლობით ბუშტუკებად, შემდეგ ფუფხდება და ხორცდება. ინფექცია დაახლოებით 2-4 კვირის განმავლობაში გრძელდება და პაციენტი გადამდებად ითვლება მანამ, სანამ ბოლო ბუშტუკი არ შეხორცდება. ორსულებში, მცირეწლოვან ბავშვებსა და იმუნოკომპრომისულ პირებში, მათ შორის აივ ინფიცირებულებში, ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და სიკვდილობის მაჩვენებლებიც უფრო მაღალია.
ათწლეულების განმავლობაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის I კლადით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდებოდა, თუმცა ზრდის ტემპმა საგრძნობლად ბოლო წლებში იმატა, რასაც ვირუსის ამ ტიპის მძიმე მიმდინარეობის გამო სიკვდილობის მკვეთრი ზრდაც მოჰყვა. 2024 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 15 600-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, რითაც უკვე საგრძნობლად გადააჭარბა 2023 წლის შემთხვევების საერთო მაჩვენებელს. ამ პერიოდში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის შედეგად სიკვდილის 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 537 შემთხვევა 2024 წელზე მოდის.
ვირუსი მეტწილად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვებში, ვინაიდან ზრდასრულებთან შედარებით, ისინი ნაკლებად იცავენ პრევენციულ წესებს და დღის განმავლობაში მეტ ადამიანთან აქვთ ახლო კონტაქტი. ბავშვებში ვირუსის გავრცელების და მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკის მიზეზი შეიძლება იყოს მათი არასრული თავდაცვის მექანიზმი, ანუ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზე მყოფი იმუნური სისტემა.
Iბ კლადით გამოწვეული შემთხვევები დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეზობელ სულ მცირე 12 ქვეყანაში. ეს ქვეყნები – მათ შორის რუანდა, კენია, ბურუნდი და უგანდა – მანამდე ვირუსის არაენდემურ ზონად მიიჩნეოდა. აღნიშნული მაჩვენებლები არასრულად ასახავს რეალურ სურათს, ვინაიდან მაღალი რისკის ქვეყნებში შეზღუდულია ეპიდზედამხედველობის სათანადო ინსტრუმენტები და ინფიცირებულთა გამოსავლენად ვირუსის აღმომჩენი ტესტების საკმარისი რაოდენობა ხელმისაწვდომი არაა.
ბოლო წლებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების აჩქარებას რამდენიმე მიზეზი აქვს: მაიმუნის ყვავილი ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება, ისევე, როგორც ბევრისთვის კარგად ნაცნობი ადამიანის ყვავილი, რომელიც ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის შედეგად 1980 წელს სრულიად აღმოფხვრილად გამოცხადდა.
- იხილეთ ჩვენი პუბლიკაცია „ყვავილი, რომელიც ამოვძირკვეთ“.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადამიანს, მათ შორის, მაიმუნის ყვავილისგანაც იცავდა. თუმცა 1980 წლიდან, ადამიანის ყვავილის დამარცხების შემდეგ, ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გლობალურად აღარ გამოიყენებოდა და მომდევნო თაობებს იმუნიტეტი მაიმუნის ყვავილის მიმართ აღარ აქვთ, რაც შემთხვევათა რაოდენობის მატებაშიც აისახა. მეორე მხრივ, უწინ ადამიანის ყვავილის წინააღმდეგ ვაქცინირებულ პირებს შესაძლოა კიდევ ჰქონდეთ ნაწილობრივი დაცვა მაიმუნის ყვავილისგან.
დღესდღეობით ეს ვაქცინა არ არის დამტკიცებული აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ, ვინაიდან მისი უსაფრთხოების პროფილი ამჟამინდელ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. თუმცა არსებობს მეორე, უსაფრთხო ვაქცინაც – MVA-BN – რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული კომერციული სახელით მოიხსენიება (Imvamune კანადაში, Imvanex ევროპაში და Jynneos აშშ-ში) და დამტკიცებულია FDA-სა და EMA-ს მიერ.
Iბ კლადის აფეთქების მეორე მიზეზად აფრიკის მაღალი რისკის რეგიონებში ამ ვაქცინის დეფიციტი შეიძლება დასახელდეს. MVA-BN ვაქცინის 215,000 დოზის მისაღებად აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა ხელი მოაწერეს საპარტნიორო ხელშეკრულებას ევროპის კომისიის ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობების მზაობისა და რეაგირების ორგანოსთან (HERA) და Bavarian Nordic-თან. თუმცა, ვინაიდან ვაქცინით სრული ეფექტის მიღებას ორი დოზა სჭირდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს მარაგი 107,500 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ვაქცინას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს აფრიკის რეგიონებში აივ ინფექციის მაღალი გავრცელება, რადგან იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე მაიმუნის ყვავილი მძიმედ მიმდინარეობს.
მაიმუნის ყვავილის ვაქცინაციის ორი დოზის მიღება მაღალი ეფექტურობით იცავს ადამიანს დაინფიცირებისგან, ხოლო ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქი და ხანმოკლეა. მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში ასევე გამოიყენება პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა, რომელიც ვაქცინაციის ჩატარებას ინფიცირების შემდეგაც, უპირატესად ინფიცირებიდან 4 დღის ფარგლებში გულისხმობს.
ვირუსის არაენდემურ რეგიონებში გავრცელების მესამე მიზეზი, სავარაუდოდ, ვირუსის I კლადის მუტაციაა (Iბ კლადი). I კლადთან შედარებით, როგორც ჩანს, Iბ კლადი უფრო იოლად ვრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ I კლადით გამოწვეული ინფიცირებისა და სიკვდილის შემთხვევები ცენტრალურ აფრიკაში ათწლეულების განმავლობაში იზრდებოდა, მაიმუნის ყვავილი პირველად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში 2022 წელს მოექცა, როდესაც ვირუსის უფრო მსუბუქი მიმდინარეობის, II კლადის ქვეტიპი, IIბ კლადი, ენდემურ ზონას, კერძოდ დასავლეთ და ცენტრალური აფრიკის რამდენიმე რეგიონს გასცდა და 122 ქვეყანაში, მათ შორის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა. ამ 122 ქვეყნიდან 115-ში მაიმუნის ყვავილი მანამდე არასოდეს დაფიქსირებულა. 2022 წელს მაიმუნის ყვავილის შემთხვევა საქართველოშიც აღირიცხა.
მიმდინარე, Iბ კლადის აფეთქებისგან განსხვავებით, IIბ კლადის გავრცელება მეტწილად სქესობრივ კონტაქტთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით მამაკაცებში, რომელთაც სხვა მამაკაცებთან ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა. სწორედ ამ მოვლენათა კვალდაკვალ გამოცხადდა პირველად 2022 წლის ივლისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა მყისიერმა ქმედითმა ნაბიჯებმა ვირუსის გავრცელება დროულად შეაჩერა. ეს ნაბიჯები მოიცავდა აქტიურ გლობალურ კოორდინაციას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ძალისხმევას, რესურსების გონივრულ განაწილებას, ლოკალურ სათემო ჩართულობასა და ინიციატივებს, შემთხვევათა ადრეულ გამოვლენას, ინფიცირებულთა კონტაქტების სწრაფ მოკვლევას, ტესტირებას, საკარანტინო ზომებს, საზოგადოების ქცევით დამყოლობას, ვაქცინაციის კამპანიასა და მაღალი რისკის ჯგუფებში ვაქცინების სწრაფ დისტრიბუციას.
შედეგად, რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ტემპმა საგრძნობლად იკლო და 2023 წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა. აფრიკის გარეთ მაიმუნის ყვავილის IIბ კლადის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და დღეის მდგომარეობით დაბალ ნიშნულზეა. თუმცა აფრიკის რეგიონებში ინფექციის გავრცელების მზარდი ტემპი შენარჩუნდა, რაც ასახავს არასაკმარის საერთაშორისო ძალისხმევას ინფექციის კონტროლის, ტესტირებისა და ვაქცინის გავრცელების მიმართულებით. ვირუსის II კლადის აფეთქების ფარგლებში გლობალურად ადამიანებში 99,500-ზე მეტი ინფექციისა და 207 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება.
მიმდინარე გამოწვევები და ახალი პანდემიის ალბათობა
II და IIბ კლადისგან განსხვავებით, Iბ კლადის მძიმე მიმდინარეობა და არაენდემურ ზონებში გავრცელება დროული ჩაურევლობის შემთხვევაში შესაძლოა საგანგაშო მომავალს გვიქადდეს. სწორედ გლობალური გამოფხიზლებისკენ არის მიმართული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.
ახლო წარსულის გამოცდილება ცხადყოფს, რომ პანდემიის დაწყების მიზეზი ერთი მოგზაურიც შეიძლება გახდეს – მოცემულ შემთხვევაში, ცხოველიც. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების განცხადებით, აფრიკიდან იმპორტირებული შემთხვევების რაოდენობა „მაღალი ალბათობით“ გაიზრდება, თუმცა ამჟამად ევროპაში ვირუსის მასობრივი აფეთქების მოლოდინი არაა და პანიკის საფუძველიც არ არსებობს.
ახლა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს პრევენციის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მეთოდის, ვაქცინის დისტრიბუცია აფრიკის მოწყვლად რეგიონებში, ასევე ვაქცინათა საკმარისი რაოდენობის მარაგის უზრუნველყოფა თითოეულ ქვეყანაში. ამ ეტაპზე ვაქცინების მარაგი აფრიკის კონტინენტზე უკიდურესად დეფიციტურია.
ვირუსი აფრიკის რეგიონებში არაერთ ძუძუმწოვარშია აღმოჩენილი, თუმცა არ არის ცნობილი, თუ რამდენადაა შესაძლებელი Iბ კლადის გავრცელება შინაურ ცხოველებში, მსხვილფეხა საქონელსა და სხვა ძუძუმწოვრებში იმ ტერიტორიებზე, სადაც ვირუსის ეს შტამი ჯერ არასდროს მოხვედრილა. აფრიკის გარდა, სხვა კონტინენტებზე ძუძუმწოვრებში ვირუსის გავრცელება შეიძლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებისთვის ახალ თავსატეხად იქცეს.
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ასევე ინფექციის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატების არარსებობა. ამ ეტაპზე, მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არცერთი ანტივირუსული მედიკამენტი არ არის დამტკიცებული, თუმცა დაავადების საწინააღმდეგო ზოგიერთ ანტივირუსულ საშუალებაზე კლინიკური კვლევები ტარდება. მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა დააჩქაროს მათი დამტკიცება და სამედიცინო ბაზარზე გამოჩენა.
COVID-19-ის პანდემიის მაგალითზე გვახსოვს, თუ რამდენად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პანდემიის დინამიკაზე ვირუსის მუტაცია. ვირუსი მუდმივად განიცდის ევოლუციას და ამ ცვლილების/მუტაციის რისკი ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს. ეს დამატებითი მიზეზია, თუ რატომ უნდა მიემართოს გლობალური ძალისხმევა აფრიკის კონტინენტზე აფეთქების შესაჩერებლად. მიუხედავად ამისა, მაიმუნის ყვავილის ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა იმ ტიპის მუტაციის განვითარება, რომელიც მაიმუნის ყვავილის იმავე ტემპით გავრცელებას გამოიწვევს, რომლითაც COVID-19 ხასიათდებოდა.
2022 წელს მაიმუნის ყვავილის IIბ კლადის გლობალური გავრცელება საერთაშორისო კოორდინაციის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად სწრაფად დაექვემდებარა კონტროლს და შეჩერდა. ეს მაგალითი დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს მიმდინარე აფეთქების შემთხვევაშიც. თუმცა რთულია პროგნოზის გაკეთება ისეთი არაპროგნოზირებადი აგენტის ანალიზისას, როგორიც ვირუსია, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება იცვალოს მახასიათებელი.
რთულია პროგნოზის გაკეთება ისეთი არაპროგნოზირებადი აგენტის ანალიზისას, როგორიც ვირუსია, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება იცვალოს მახასიათებელი.
შესაბამისად, აუცილებელია გლობალური მზაობა, რაც გულისხმობს საერთაშორისო კოორდინაციას რესურსების, კერძოდ ტესტირებისა და ვაქცინაციის გასანაწილებლად, განსაკუთრებით კი ეფექტური სამკურნალო საშუალებების ხელმიუწვდომლობის ფონზე. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ჯგუფების ჩართულობას, რამაც 2022 წელს მაიმუნის ყვავილის გლობალური აფეთქების დროულ შეჩერებაში კრიტიკული როლი შეასრულა.