121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

121 ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამასთან, სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 17 ივლისს დარეგისტრირდება. ორი დღის წინ, 15 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიტანა სარჩელი. კანონის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს ამზადებენ ოპოზიციონერი პარლამენტარები. ყველა სარჩელი ხაზს უსვამს კანონის შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად. გარდა ამისა, სარჩელის ავტორები საუბრობენ მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, რომელთაც, მათი თქმით, კანონი არღვევს.

“კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად,” ნათქვამია არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების საერთო განცხადებაში. ამას გარდა, განცხადებაში ნათქვამია: “რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.”

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩერებს კანონით გათვალისწინებული ნორმების მოქმედებას, თუმცა იტყობინებიან, რომ ამზადებენ კიდევ ერთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე,” ნათქვამია განცხადებაში.

“უცხოელი აგენტების” შესახებ სადავო კანონი, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ 28 მაისს მიიღო და 3 ივნისს ამოქმედდა, მიზნად ისახავს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” გამოაცხადოს ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოელი წყაროსგან იღებენ. კანონს, რომელიც პარლამენტმა უდიდესი საპროტესტო აქციებისა და უპრეცედენტო საერთაშორისო წინააღმდეგობის ფონზე მიიღო, ბევრმა “რუსული კანონი” უწოდა: მსგავსი ტიპის კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და იგი ქვეყანაში კრიტიკული ხმის ჩასახშობად გამოიყენეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version