„ვეტინგის“ თაობაზე არასამთავრობოების მოწოდებების ფონზე, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე უვადოდ დანიშნა

27 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი ახალი წევრი აირჩია. გიზო უბილავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას კი 78-78-მა დეპუტატმა. გიზო უბილავა უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება, ხოლო დანარჩენი ორი წევრი უფლებამოსილებას 18 ოქტომბრიდან განახორციელებს.

სასამართლოს გუშაგის შეფასება

საქართველოს სასამართლოს გუშაგმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა. ორგანიზაციის თქმით, „ამ გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ასრულებს უზენაესი სასამართლოს მისთვის სასურველი უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესს“.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური როლისა და სტატუსის გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი კადრებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, მან მიიღო კონკრეტული რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის განხორციელების შესახებ, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

„თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, არამედ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას“, – ნათქვამია განცხადებაში. „დღეს პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება უარს აცხადებს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე, საქართველოს აშორებს ევროკავშირს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებთან ერთად, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version