პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონმდებლობა პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 27 ივნისს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი თანმდევ კანონპროექტთან ერთად პირველი მოსმენით მიიღო.

ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა პლენარულ სხდომას არ ესწრება, რადგანაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ისინი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „გუშინ… გადავდეთ კენჭისყრა დღევანდელ დღეზე, რათა ოპოზიციას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფიქრებულიყო, ვის მხარეს დგებიან ისინი: დგებიან ისინი საქართველოს მხარეს, დგებიან ისინი ქართული საზოგადოების მხარეს, თუ არიან ისინი პროპაგანდის და მათი სხვა პოლიტიკური გარე ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ და ამიტომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას“.

კენჭისყრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საქართველოს მილიონმა მოქალაქემ „მოითხოვა“ ეს ცვლილებები. „ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა დ დასძინა, რომ „საქართველოს მილიონმა მოქალაქემ თავისი გამოსვლით ქუჩაში დაადასტურა მხარდაჭერა ამ პაკეტისა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად, დღეს პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა“.

ვინაიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესია ამ კვირაში მთავრდება და პაკეტის დაჩქარებული წესით მიღება არ მიმდინარეობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დეპუტატები მას მეორე და მესამე მოსმენებითაც მიიღებენ, თუმცა მსჯელობა სექტემბერში, მომავალ საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება.

26 ივნისს ვენეციის კომისიამ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „მთლიანად გადახედოს ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელოს მისი მიღება“ ან, თუ გააგრძელებს მის მიღებას, ამოიღოს/შეცვალოს ზოგიერთი მუხლი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლგბტი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობა.

ჰომოფობიას მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იყენებს. დღეს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ქვეყანაში „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ რეალურად საფრთხეს უქმნის ზოგიერთ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, და ლიტერატურის, კინოსა და მედიის ცენზურის საშუალებას იძლევა.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე დააინიცირა ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც გაწერილია, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით“, თუმცა ამ ცვლილების კენჭისყრაზე დაყენება შეჩერებულია, ვინაიდან მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version