შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ივნისს განაცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“, ე.წ. „ბიო“, „მეტამფეტამინი“, და „მარიხუანა“. ბრალდებულებისგან პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო. ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები.

ერთი კვირის წინ, შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავა, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის 15 ნარკორეალიზატორი იყო.

მიმდინარე თვეში, შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის, დაახლოებით, 60 პირი დააკავა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version