ბერლინში პრემიერ-მინისტრი „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრობს

21 ივნისს ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და გერმანელი სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა, სადაც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ჩვენი მთავარი ოცნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განმთლიანება“, რაც „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკის განხორციელებით უნდა მოხდეს. „ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება“, განაცხადა მან.

ღონისძიებას წინ უძღოდა 20 ივნისს ბერლინში ამბასდორიალის გამართვა, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლები ევროკავშირში, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც ქართველებმა 33 წლის წინ გაიარეს, ასევე ის გაჭირვება, რომლის გადატანაც ქართველებს სუვერენულ ქვეყნად ჩამოყალიბების პერიოდში მოუწიათ, მათ შორის ოთხი ომი. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა: „აქ უნდა აღენიშნოს, რომ გერმანული სახელმწიფოს და გერმანელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩვენ ვგრძნობდით ამ მხარდაჭერას, დახმარებას, გერმანიის მხრიდან და მას შემდეგ რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კიდევ უფრო მძაფრად განვიცადეთ ამ მხარდაჭერის სარგებელი საკუთარ თავზე. 90-იანი წლებიდან გერმანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრივობის განვითარებაში, ჩამოყალიბებაში, და მადლობა კიდევ ერთხელ გერმანულ სახელმწიფოს, გერმანელ ხალხს“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წელი ძალიან მძიმე იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის: „ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი რთული ბრძოლა გადავიტანეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და განგვემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ეს ბრძოლა იყო საბოლოო ჯამში ძალიან წარმატებული“. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განმთლიანება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ამ თვალსაზრისითაც სიმბოლურია ის, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ გერმანიაში“. მისი თქმით, გერმანია არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას მოთმინებით მიაღწიოს გაერთიანებას.

„ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version