ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით დაიბარა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 მაისს საქართველოს ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ქვეყანა, პარტნიორებთან ერთად, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ „შესაძლო კონტრზომებს განიხილავს“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა მწუხარება“ გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯისა და სხვა ქმედებების გამო, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და მისი საქმიანობის შეზღუდვას“, და დასძინა, რომ „ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებს, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული“.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გარდა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ „ბოლო დროს ქვეყანაში კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციასთან, ასევე ვრცელდება ანტიდასავლური პროპაგანდა, ხოლო  მასობრივ პროტესტს ხელისუფლების დაშინების კამპანია მოყვა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ძალადობა მისი წარმომადგენლების მიმართ“.

განცხადებაში ლიეტუვა ხაზს უსვამს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და პირობას დებს, რომ კვლავაც „თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს ქართული საზოგადოების მისწრაფებებს, რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოს დაუკავშიროს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version