ჩინეთში ქართველებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

28 მაისიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე დაჰყონ. ამასთან, საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა. ამასთან, ვიზები კვლავ დასჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ჩინეთში ცხოვრებას, მუშაობის დაწყებას, ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც ჩინეთის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას საჭიროებს.  

ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე.

შეთანხმებას 2024 წლის 10 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მოაწერეს ხელი. მანამდე, 26 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარების შესახებ ჩინეთის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება. გასულ წელს ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, რომელიც ფოკუსირებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობის სფეროებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version