ო’ბრაიენი: ‘აგენტების’ კანონი და „ქართული ოცნების“ რიტორიკა არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიენმა 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონი და მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები შეუთავსებელია საქართველოს მისწრაფებებთან ევროკავშირსა და ნატოში. მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე შეეხება როგორც დეპუტატებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს კანონს, ისე მათ ოჯახებს.

ბრიფინგზე დამსწრე ერთ-ერთი ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს თქმით, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ“, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები – „ძალადობა და მუქარა სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგჯერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ“, კანონის მიღება, რომლის მიზანიც „სწორედ იმ ჯგუფების სტიგმატიზაციაა, რომლებიც საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის მზადებაში ეხმარებიან“ – არის მიზეზი, რის გამოც აშშ ეჭვქვეშ აყენებს, დაინტერესებულია თუ არა ამჟამინდელი ხელისუფლება გააგრძელოს გზა, რომელიც ქართველებმა აირჩიეს ევროპისა და ნატოს მიმართულებით.

ელჩი ო’ბრაიენი ასევე შეეხო „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ დასავლეთი აიძულებს საქართველოს დაივიწყოს თავისი ტრადიციები და კულტურა და ცდილობს შეცვალოს ის. მისი თქმით, „ჩვენ ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც რამდენიმეწლიანი კონსოლიდაციის შემდეგ, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ისინი უფრო უსაფრთხო და წარმატებული იქნებიან,  თუ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებს შეუერთდებიან, გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთ საზოგადოებაში არიან ელემენტები, რომლებიც გრძნობენ, რომ ეს აიძულებს მათ შეიცვალონ, რადგან ისინი მწვერვალზე იმ მომენტში ავიდნენ, როდესაც ეს საზოგადოებები არ იყო ინტეგრირებული“.

ჯიმ ო’ბრაიენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს კონკრეტული კანონი, მის გარშემო არსებული რიტორიკა და მომიტინგეების მიმართ ძალადობა არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის არჩევანს“. მან განაცხადა, რომ ძალიან მკაფიო და დეტალური საუბარი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონკრეტულ მიზეზებზე, რის გამოც ეს კანონი „შეუსაბამოა საქართველოს მიერ დასახულ გზასთან“. მან ვენეციის კომისიის მოსაზრებაზეც მიუთითა და დასძინა: „საქმე ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქარველოს ხელისუფლება შეცვალოს ის, რაც გულისხმობს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას, და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა“.

რაც შეეხება არის თუ არა აშშ-ის ს გადაწყვეტილებები (სავიზო შეზღუდვები და კონგრესში ინიცირებული კანონპროექტები) იძულებითი ქმედებები, ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ როდესაც იღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანდეთ კლუბში, „თქვენ არ ადგენთ საკუთარ წესებს, არამედ იმ კლუბის წესებს იცავთ, რომელშიც ცდილობთ გაწევრიანდეთ“. მან დასძინა: „…საქმე ის არის, რომ განხორციელებული ქმედებები შეუთავსებელია როგორც წევრობისკენ სწრაფვასთან, ასევე რეალურად წევრობასთან”.

რაც შეეხება აშშ-ის მიერ დაანონსებულ სავიზო შეზღუდვებს, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა: „…ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელების სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ის ქმედებები, რომლებიც განსაკუთრებულად გვაწუხებს და ეს არის მცდელობა ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ პროცესებს, კერძოდ, ძალადობის გამოყენებას და დაშინებას მათ მიმართ, ვინც [ქუჩებში] გამოდის. და, თქვენ მოგეხსენებათ, როგორ მუშაობს კანონი – ეს ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. და ეს არ არის იძულების ტაქტიკა“. მან დასძინა: „რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ არსებულ თანამშრომლობას და მე არ ვაპირებ დამატებითი კონკრეტული ქმედებების წინასწარ დაანონსებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version