პროტესტის ფონზე, პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

ფართომასშტაბიანი პროტესტისა და დასავლეთის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა 14 მაისს 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კანონს მხარი დაძაბულ პლენარულ სხდომაზე დაუჭირა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა დეპუტატებს შორის ჩხუბს. იმავდროულად, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა დიდი ჯგუფი კვლავ შეიკრიბა. როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, რაც მომიტინგეებს და საქართველოს დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე კვირასმისცემს იმისათვის, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე და კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვონ.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ წელს მისი ჩაგდების შემდეგ ხელახლა დააინიცირა, აიძულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია ორგანიზაციებს, რომ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირდნენ. არსებობს გავრცელებული შიში, რომ კანონს ხელისუფლება კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციისთვის გამოიყენებს, ხოლო მისი ბუნდოვანი დებულებები და შემოთავაზებული ჯარიმები თვითნებურად იქნება გამოყენებული, რაც საბოლოოდ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეფერხებას გამოიწვევს, როგორც ეს მსგავსი კანონების შედეგად რუსეთში მოხდა.

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი მაინც მიიღო. ხელისუფლება ცდილობდა საპროტესტო აქციების ჩახშობას პოლიციის ძალის გამოყენების, დევნისა და დაშინები გზით, რაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, რადგან ამან კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოიყვანა ქუჩებში.

დიდწილად პროდასავლურ საქართველოში, რომელიც დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ბევრი დარწმუნებულია, რომ კანონის მიღება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს ბოლოს მოუღებს და საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დააბრუნებს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა გააფრთხილეს ხელისუფლება, რომ კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას შეაფერხებს. თუმცა, ბრიუსელს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა შედეგებს გამოიწვევს კანონპროექტის მიღება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მისი მარტივად დაძლევა შეუძლია, ეს ქმედება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით გაახანგრძლივებს კანონპროექტის ხელმოწერის პროცესს.

გასულ დღეებში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტია მზადაა პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის და კანონპროექტში ცვლილებების შეტანისთვის, თუ ისინი დამაჯერებელ „სამართლებრივ არგუმენტებს“ მიიღებენ. კანონის მოწინააღმდეგეები კი უარყოფენ მსგავს პერსპექტივას და ამას ხაფანგად განიხილავენ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მსგავს დაპირებებს „მანიპულაცია“ უწოდა და პირობა დადო, რომ „არ შევა ამ თამაშში“.

„ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, რათა გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა! არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

განსხვავებული თეორიები ვრცელდება იმის თაობაზე, თუ ასე თავდადებით რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ თავის რეპუტაციას რისკის ქვეშ კანონის მიღების გამო. ზოგმა ეს გადაწყვეტილება კრიტიკული ხმის ჩახშობითა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არჩევნების მონიტორინგისთვის ძირის გამოთხრის მცდელობით ახსნეს. სხვებმა კრემლის ზეწოლა დაასახელეს.  

თუმცა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შემდგომი განცხადებები, ისევე როგორც კონტექსტი, რომელშიც კანონპროექტი პირველად იქნა ინიცირებული გასულ წელს, ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის საბანკო პრობლემები შეიძლება იყოს მიზეზი.

ივანიშვილი, რომელიც თვეების წინ დაბრუნდა პოლიტიკაში, რეგულარულად საუბრობდა იმ სირთულეებზე, რომლებიც მას შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში მის მილიარდობით დოლარზე წვდომის კუთხით ექმნება. მისი მოკავშირეები პრობლემებს დასავლეთის შანტაჟს უკავშირებენ, რაც საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩათრევას უკავშირდება და ცნობილია როგორც „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულება.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა 13 მაისს, რომ ივანიშვილს გაუყინეს 2 მლრდ დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო და შემდეგ გლობალური ომის პარტიის ხელში აღმოჩნდა.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version