DRI: პოლიციის ქმედებები არაკანონიერი და არაპროპორციულია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) 13 მაისს განაცხადა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები ვერ ჩაითვლება „კანონიერ საპოლიციო ღონისძიებებად“ და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ „დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში და უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე“.

ორგანიზაციის თქმით, პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე აქციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი და აქციის მონაწილეების მხრიდან დეკლარირებული არ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირების განზრახვა. „მიუხედავად აქციის ხაზგასმით მშვიდობიანი ხასიათისა, შსს-ს განცხადებიდან რამდენიმე წუთში, სამართალდამცავებმა ჟვანიას ქუჩის მიმდებარე მხარე ფიზიკური ძალის გამოყენებით იძულებით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ დააკავეს აქციის 20 მონაწილე. გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცავები დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და თავის არეში ანგარიშსწორების მიზნით ურტყამენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან დემონსტრანტთა დაკავების ფორმა „არაკანონიერი და არაპროპორციული იყო – ათეულობით სამართალდამცავი, რომელთა უმრავლესობა ჩაცმულობის და აღჭურვილობის მიხედვით, არ წარმოადგენდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, წინასწარ მიზანში ამოღებულ აქციის მონაწილეს ფიზიკურად უსწორდებოდა და პოლიციის კორდონში მიათრევდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ადვოკატების მიერ მონახულებულ დაკავებულთა უმრავლესობას აღენიშნება სერიოზული ფიზიკური დაზიანების ნიშნები“.

„პოლიციის უკანონო ძალადობრივი ტაქტიკების სანქცირება და დაუსჯელობა, ზრდის უკანონო ძალადობის მასშტაბებს და მიზნად ისახავს პროტესტის მუხტის ჩახშობას“, – აცხადებს ორგანიზაცია და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, „მყისიერად და ეფექტიანად გამოიძიოს, როგორც 13 მაისის დილით, ისე გასული დღეების განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version