სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 3 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში კონსტრუქციული დიალოგის წარმართვაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს ხელშესაწყობად. შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მტკიცე კავშირებს. აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

„შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს რეგიონული მშვიდობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. არარატ მირზოიანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მზაობისთვის, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად, მადლობა გადაუხადა კოლეგას დევნილებზე გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი  მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გავუსვით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან  თანაცხოვრებას. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მეზობლების საჭიროებისა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაგრძელოთ საკუთარი წვლილის შეტანა კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისა და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში “, – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი გზით მიღწეულ „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყების შესახებ.

„ჩვენი ურთიერთობები მართლაც სწრაფად ვითარდება და გვაქვს მდიდარი დღის წესრიგი“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ორი ქვეყანა ჩართულია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ხალხთა შორის კავშირების სფეროებში.

„სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დაადასტურეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება და პატივისცემა. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა მკაფიო ურთიერთგაგება, რათა გავაგრძელოთ და დავასრულოთ დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი მეგობრობისა და თანამშრომლობის გზით“, – განაცხადა მინისტრმა მირზოიანმა.

მან ასევე ახსენა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღება და განაცხადა, რომ ამას „დიდი მნიშვნელობა აქვს“ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ რეგიონული მოვლენების კონტექსტშიც. მისი თქმით, სომხეთს ასევე აქვს მნიშვნელოვანი, არსებითად ახალი პარტნიორობა ევროკავშირთან, ახალი პარტნიორობის დღის წესრიგი და ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვეძებთ ჰორიზონტებს, რომლებიც აქამდე არ იყო აღმოჩენილი, ყოველ შემთხვევაში სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. ნება მომეცით, ასე ვთქვა: ჩვენ ვეძებთ და განვსაზღვრავთ ახალ პერსპექტივებს და ახალ ხედვებს“.

მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი კვლავაც მზადაა მეზობლებთან, მათ შორის თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ურთიერთობების „სრული“ ნორმალიზებისთვის, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნისთვის. რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, მან აღნიშნა, რომ სომხეთი „დიდ მნიშვნელობას“ ანიჭებს შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებულ დელიმიტაციას.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს რეგიონის ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონს.

შენიშვნა: მასალა  განახლდა 05/07/2024 12:30 საათზე და მას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version