რუსებმა საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პუტინის წინააღმდეგ თბილისში აქცია გამართეს  

17 მარტს ათობით რუსეთის მოქალაქემ რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე თბილისში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. „სამოქალაქო საქართველო“ ადგილიდან იტყობინება, რომ აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „საკმარისია პუტინი“, „არა საქართველოს ოკუპაციას“ და „დიდება უკრაინას“.

1 / 8

„მე ვარ რუსი პოლიტიკური აქტივისტი და ოთხი წელია პოლიტიკური დევნის გამო საქართველოში ვცხოვრობ. დღეს 12 საათზე მთელ მსოფლიოში პუტინის წინააღმდეგ აქციები იმართება. ხალხი მიდის არჩევნებზე, რათა ხმა მისცეს პუტინის წინააღმდეგ, ხმა მისცეს ნებისმიერს პუტინის გარდა“, – განუცხადა „სამოქალაქო საქართველოს“ აქციის ორგანიზატორმა ანტონ მიხალჩუკმა.

მისი თქმით, „რუსეთშიც დიდი აქცია იმართება. ასე რომ, მილიონობით რუსი მთელ მსოფლიოში ყველანაირად აპროტესტებს პუტინს  იმიტომ, რომ რუსეთში არჩევნების გაყალბება მიმდინარეობს. ჩვენ არ გვაქვს სხვა პრეზიდენტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა; ამიტომ, ასე გამოვხატავთ პროტესტს“.

მიხალჩუკის თქმით, აქციის მონაწილეები ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ არიან, თუმცა ასევე აპროტესტებენ საქართველოს ოკუპაციას. „ჩვენ ვიცით ამ პრობლემის შესახებ, ვიცით „ბორდერიზაციის“ შესახებ, ვიცით გატაცების, ანექსიის, მკვლელობების შესახებ. ასე რომ, ჩვენ სწორ მხარეს ვდგავართ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, დემოკრატიული სამყაროს გვერდით ვართ. ჩვენ „სხვა“ რუსები ვართ“.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანფისა ბოლდირევამ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ ხალხი ქუჩაში „არჩევნების გაყალბების“ წინააღმდეგ გამოვიდა, იმის ნიშნად, რომ „ჩვენ ამ პრეზიდენტის წინააღმდეგი ვართ“ და „ის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი“. „და სწორედ ახლა რუსეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდება ხდება“, – აღნიშნა მან.

17 მარტს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რუსები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ. რუსეთშიც იმართება აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, სადაც ადამიანები რუსეთის დიდ ქალაქებში საარჩევნო უბნებზე იკრიბებიან, რათა პუტინის მიმართ წინააღმდეგობა აჩვენონ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version