skip to content
რვეულებიფილოსოფოსის რვეული

მარტოობა ჰანა არენდტთან ერთად

1965 წელს, ნიუ იორკის სოციალური კვლევების ახალი სკოლის გახსნაზე, ჰანა არენდტმა თავისი მარტოობა სამად გაყო: განმარტოებად, მარტოსულობად და იზოლაციად. ქვემოთ მოცემულია ნაწყვეტები მისი მაშინდელი ლექციიდან:

“განმარტოება გულისხმობს, რომ მიუხედავად ეულად ყოფნისა, ვიღაცასთან ვარ დარჩენილი – საკუთარ თავთან. ის ნიშნავს, რომ მე ორი ვარ ერთ არსებაში, მაშინ, როცა მარტოსულობა და იზოლაცია არ იცნობენ ამგვარ სქიზმას, ამ შინაგან დიქოტომიას, რომელშიც შემიძლია თავს კითხვა დავუსვა და პასუხი მივიღო. განმარტოება და მასთან გადაჯაჭვული საქმიანობა, რომელიც არის ფიქრი, შესაძლოა სხვა ადამიანმა, სხვა საქმიანობამ, ან უბრალოდ დაღლილობამაც გაგვაწყვეტინოს – როგორც ეს ჩვენი ყოფის ნებისმიერ სხვა მდგომარეობაში ხდება ხოლმე. ამ შემთხვევაში, ის ორნი, რომლებიც მე ვიყავი, კვლავ ერთად იქცევა – თუ ვინმე მესაუბრება, მე უკვე მას ვპასუხობ და არა საკუთარ თავს. როცა ვსაუბრობ, მე ვიცვლები, ვხდები ერთი: ბუნებრივია, ცნობიერად ვიაზრებ საკუთარ მეობას, მაგრამ საკუთარი თავის სრული ბატონ-პატრონი აღარ ვარ. თუკი ვინმე მესაუბრება და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იმავე ამბებზე ვიწყებთ საუბარს, რაც მე მაშინ მაღელვებდა, როცა ჩემს განმარტოებაში ორი ვიყავი, მაშინ ჩვენი დიალოგი ისევე წარიმართება, თითქოს მეორე მეს, საკუთარ თავს ვესაუბრებოდე. სწორედ ამიტომ, ამ მეორე მეს, allos authos, არისტოტელე სამართლიანად უწოდებდა თავის მეგობარს.

მეორე მხრივ, თუკი მარტოდ ყოფნისას ჩემი ფიქრი სხვა რაიმე მიზეზით შეწყდება, ამ შემთხვევაშიც ერთი გავხდები და რადგან იმ ერთს, რომლადაც მე ვიქეცი, თანამოსაუბრე აკლია, ალბათ მათ მოძებნას შევეცდები – სხვა ადამიანების, წიგნების, მუსიკის სახით. ოღონდ, თუ ისინი ვერ დამაკმაყოფილებენ, თუკი მათთან სულიერ კავშირს ვერ დავამყარებ, მაშინ უკვე მოწყენილობა და მარტოსულობა მომიცავს. მარტოსულობისთვის არ არის აუცილებელი, რომ მარტო ვიყო, ძლიერი მოწყენა ან მარტოსულობის მძაფრი განცდა უამრავ ხალხშიცაა შესაძლებელი, თუმცა ეს შეუძლებელია ნამდვილი განმარტოებისას, საკუთარ თავთან, ანუ ჩემს მეგობართან, ჩემს სხვა “მესთან” ერთად ყოფნისას. სწორედ ამიტომაა უფრო ძნელი ასატანი მარტოდ ყოფნა ხალხში, ვიდრე განმარტოებისას, როგორც ბატონი ეკჰარტი სამართლიანად მიგვითითებდა.

ძლიერი მოწყენა ან მარტოსულობის მძაფრი განცდა უამრავ ხალხშიცაა შესაძლებელი, თუმცა ეს შეუძლებელია ნამდვილი განმარტოებისას, საკუთარ თავთან, ანუ ჩემს მეგობართან, ჩემს სხვა “მესთან” ერთად ყოფნისას

ჰანა არენდტი

მარტოდ ყოფნის ბოლო ფორმას მე იზოლაციას ვუწოდებ. ის მაშინ ჩნდება, როცა არც საკუთარ თავთან ვარ და არც სხვებთან ერთად, არამედ როცა გარე სამყაროსთან მაქვს შეხება. იზოლაცია შეიძლება ბუნებრივი მდგომარეობა იყოს ნებისმიერი ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც ჩემგან კონცენტრაციას მოითხოვს იმდენად, რომ შეუძლებელია გინდ სხვასთან და გინდაც საკუთარ თავთან ყოფნა. შეიძლება ეს ნაყოფიერი სამუშაო იყოს, მაგალითად, რაიმე რთულ საგანს ვაწყობდე ან ვქმნიდე, მაგრამ ეს აუცილებელი არაა: სწავლა, ან უბრალოდ წიგნის კითხვა გარკვეული დონის იზოლაციას, ანუ სხვათა დასწრებისგან გარკვეულ თავდაცვას მოითხოვს.

იზოლაცია ასევე შეიძლება გახდეს ნეგატიური ფენომენი – მაგალითად, თუკი სხვები, ვისთანაც ქვეყანაზე ზრუნვა მაკავშირებს, ზურგს შემაქცევენ. ეს ხშირად ხდება პოლიტიკურ ცხოვრებაში – ასეთია პოლიტიკოსის ბედი, უფრო სწორად, პოლიტიკოსისა, რომელიც რჩება მოქალაქედ, მაგრამ კავშირი დაკარგა თავის თანამოქალაქეებთან. ამ, მეორე სახის იზოლაციის გადალახვა შეუძლებელია, თუკი ის არ გარდაისახება განმარტოებად. ყველამ, ვინც ლათინურ ლიტერატურას იცნობთ, იცით, რომ რომაელებმა, ბერძნებისაგან განსხვავებით, აღმოაჩინეს, რომ განმარტოება და მისი თანამდევი ფილოსოფია წარმოადგენს ცხოვრების წესს, რომელსაც იძულებით მივდევთ მაშინ, როცა საჯარო ცხოვრებიდან გვერდზე გადგომა გვიწევს. როცა განმარტოებას მას შემდეგ აღმოვაჩენთ, რაც თანამოაზრეებთან ერთად აქტიური ცხოვრებით გვიცხოვრია, მაშინ დადგება მომენტი, რომელზე კატონი ამბობდა “მაშინ ვარ ყველაზე აქტიური, როცა არაფერს ვაკეთებ და მაშინ ვარ ყველაზე ნაკლებად მარტო, როცა საკუთარ თავთან ვარ დარჩენილიო”. მგონი, ჯერაც შეგვიძლია ამ სიტყვებში ამოვიკითხოთ იმ გაკვირვების შეგრძნება, რომელიც აქტიურ ადამიანს შეიპყრობს მაშინ, როცა აღმოაჩენს, რომ მარტოდ დარჩენა არც მარტოსულობას ნიშნავს და არც უმოქმედობას, რომ მარტოდ ყოფნაში არის სიტკბოება აზროვნებისა, ორისა — ერთარსად”.

წყარო: ჰანნა არენდტი, “მორალური ფილოსოფიის საკითხები”, ნაშრომში “პასუხისმგებლობა და განსჯა” (Responsibility and Judgement). თარგმნა ჯაბა დევდარიანმა.

მსგავსი/Related

Back to top button