მოსაზრებაწერილები

ჰენრი კისინჯერი: ამორალურობის ასი წელი

სენატორი ბერნი სანდერსი გამჭრიახი საგარეო პოლიტიკით არასოდეს გამოირჩევა და თანაც, საერთაშორისო ურთიერთობები მისი ძლიერი მხარე არაა. თუმცა, ერთხელ მიზანში უშეცდომოდ გაარტყა და საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჰილარი კლინტონს პირში მიახალა, ჰენრი კისინჯერი ჩემი მეგობარი არ არის და მისგან რჩევას არასოდეს მივიღებო. კისინჯერის შეგირდობით თავმომწონე კლინტონისთვის ეს პოზიცია ისევე გაუგებარი დარჩება, როგორც 2016-ში დამარცხების ნამდვილი მიზეზები. არადა ყველაფერი მარტივია – ვინმე თუ გეტყვით, კისინჯერი ჩემი კუმირიაო, გირჩევთ, მისგან თავი ძალიან შორს დაიჭიროთ.


საბა ბრაჭველი


კისინჯერის დამღუპველი შეცდომებისა თუ განზრახ ჩადენილი დანაშაულების სია იმდენად გრძელი და მრავალფეროვანია, შეიძლება რიდლი სკოტს ახალი (კიდევ უფრო უვარგისი) ფილმის გადაღება შთააგონოს. მთლად კორსიკელი კაპრალის მასშტაბებისთვის არასოდეს მიუღწევია, მაგრამ მსოფლიო დიდი რეალპოლიტიკოსის სვლებმა არანაკლებ შეცვალა. კისინჯერის საგმირო საქმეთა გაცნობა ვიკიპედიაზეც კი კარგა ნახევარი საათს წაგართმევთ, ამიტომ ამ მოსახსენებელში მხოლოდ ძირითად მიქარვებს გავიხსენებთ გაღმა ნაპირზე ახლახანს გასული კაცისა, ვინც მეტერნიხობას ესწრაფვოდა,  კოვბოობას ნატრულობდა და გზადაგზა არც ბონდის გოგონებზე უთქვამს უარი.

ერთი ყველას წინააღმდეგ

მიცვალებულზე კარგით დავიწყოთ, თანაც ეს სია არც ისე გრძელია. ერთი ის გავიხსენოთ, რომ სამშობლომ ომში წასასვლელად როცა იხმო, კისინჯერს უკან არ დაუხევია და მედალიც დაიმსახურა. მეორე კი ალბათ ის, რომ სულ სხვადასხვა ჯურის ხალხის უბადლო გამაერთიანებლად იქცა – ოღონდ სიძულვილში .

მემარცხენეებს კისინჯერი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო სძულთ, მემარჯვენეებს –  მოსახლეობის ტოტალური კონტროლის მოსურნეობის გამო (აკი სწორედ კისინჯერის აჩემებამ უბიძგა ნიქსონს, ორი ჟურნალისტისთვის თვალყურის დევნება დაეწყო). რუსებს სძულთ, რადგანაც მასში საბჭოთა კავშირის შეკავების დოქტრინის არქიტექტორად ხედავენ, უკრაინელებს იმიტომ, რომ ყირიმის ამბავში რუსეთის მხარეს დადგა. ლიბერალებს სძულთ მისი ამორალურობა და გენოციდების მხარდაჭერა, ნაციონალისტებს – ვიეტნამი კომუნისტებს რომ მიჰყიდა (თანაც ორჯერ), სულაც ნაცისტებს კი – მისი ებრაული ფესვები არ აძლევთ მოსვენებას.

სწორედ ებრაული ფესვების ხსენებით იწყება მისი ყველა ნეკროლოგი – აკი ფიურტში დაბადებული ბიჭი 1935 წელს, 12 წლისა გაიქცა ამერიკაში. რაც ნეკროლოგებში ნაკლებად ჩანს ხოლმე ისაა, რომ ამ ფესვებით კისინჯერს დიდად არასოდეს უამაყია. არასოდეს გაუბამს ძაფები სხვა ებრაელებთან, იომ-ქიფურის ომის დროს ეგვიპტელ ანვარ სადათს დაუახლოვდა, ეწინააღმდეგებოდა ისრაელისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას და ისიც უთქვამს, ებრაელი რომ არ ვიყო, აუცილებლად ანტისემიტი ვიქნებოდიო.

ანტისემიტობისთვის ლოგიკური ახსნის მოძებნაც არ გასჭირვებია – ორი ათასი წელი თუ სდევნიან ხალხს, რაღაც ნაღდად ექნებათ მიქარულიო, ამბობდა და უმატებდა, ებრაელების საწუხარი ამერიკის საგარეო პოლიტიკას არც ახლა ადარდებს და სულ რომ გაზის კამერებში დაუწყონ შეყრა, არც მერე დაგვაინტერესებსო.

თუმცა არ იფიქროთ, რომ კისინჯერს თვისტომი ებრაელები გამორჩევით ან განსაკუთრებით სძულდა. სიძულვილში მაინც, ცხონებული ჰენრი დემოკრატი გახლდათ. მისთვის ვიეტნამელები ‘აყროლებული მძღნერები’ იყვნენ, ინდოელები – ‘ნაბიჭვრები’, ‘მატყუარები’, და ‘მათხოვრები’. ინდირა განდი ხან ალქაჯი იყო, ხან – ბოზი. უფლებებადამცველები სულელებად მიაჩნდა, ქალები – დროებით გასართობად. ხმამაღლა არ დასცდენია, მაგრამ ეშმაკმა უწყის, რას ფიქრობდა კამბოჯელებზე, პაკისტანელებზე, ბანგლადეშელებზე, აფრიკელებსა და ზოგადად ყველაზე, ვინც მისიანი არ იყო.

რეალპოლიტიკა

კისინჯერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მდივანი (ჩვენებურად – საგარეო საქმეთა მინისტრი) და დიპლომატია. თუმცა, მისი გავლენა თანამდებობიდან არ გამომდინარეობდა. მისი ბასრი და დაუნდობელი გონებისაგან რჩევა ამერიკის თორმეტ სხვადასხვა პრეზიდენტს მიუღია, უცხოელ თავკაცებზე რომ არაფერი ვთქვათ. რესპუბლიკელობის მიუხედავად, კისინჯერი პარტიულ ხაზებს არად დაგიდევდათ და არც დემოკრატებს ამადლიდა ჭკუის დარიგებას. საპასუხოდ კი ისეთ ორპარტიულ და საყოველთაო ქება-დიდებას იღებდა, ლამის აინშტაინს რომ არ ღირსებია თავის დროზე.

კისინჯერი რეალპოლიტიკის მოციქული გახლდათ, რომლის მთავარ დამსახურებადაც ამერიკისთვის ჩინეთის ოცდახუთწლიანი იზოლაციის დასრულება და სინო-ამერიკული ურთიერთობების დალაგება ითვლება. როგორც თავად რეალპოლიტიკის პრინციპები, ის თავადაც ცინიკური, ემპათიებისა და სენტიმენტებისაგან სრულიად დაცლილი კაცი იყო, რომელიც დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა ბალანსის პოვნას პატარა ქვეყნებისა და გაჭირვებული ხალხის ულმობელი ჩაგვრის ხარჯზე ცდილობდა. ის მსოფლიოს ვასალთა გავლენის სფეროებად ყოფდა, რომელშიც ცვლილებები მხოლოდ ამერიკული ინტერესების სასარგებლოდ უნდა შესულიყო.

კისინჯერის მოყვარულნი სწორედ იმას აღნიშნავენ ხოლმე, რომ ის, როგორც საკუთარი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდა. ამიტომაც არის ირონია იმაში, რომ კისინჯერის სისხლიანი ნაკვალევის პირველი მსხვერპლი თავად ამერიკელები იყვნენ. დიახ – კისინჯერის, ამ დიდი პატრიოტისა და ქვეყნის გულისთვის რკინისმკვნეტელი მამულიშვილის კისერზე ათიათასობით ამერიკული სიცოცხლეცაა.

ვიეტნამის ფუჭი სისხლისღვრა

საქმე ისაა, რომ 1968 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ლინდონ ჯონსონი ვიეტნამის ომის დასრულებას ცდილობდა. ეს რომ გამოსულიყო, არჩევნებს მოიგებდა კიდეც, რაც რიჩარდ ნიქსონის დამარცხებას ნიშნავდა. ამიტომაც, ნიქსონმა და კისინჯერმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ვიეტნამის ომი არ შეწყვეტილიყო. თავისი არალეგალური დამსახურებისთვის კისინჯერმა ჯერ ნიქსონის მრჩევლის, შემდეგ კი – სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიმსახურა.

სწორედ ასე დაიწყო კისინჯერის თავბრუდამხვევი კარიერა – ჯერ მისი მოწინააღმდეგის ბანაკიდან ნიქსონის გუნდში გადასკუპებით, შემდეგ კი – ვიეტნამის ომის დასრულების საბოტაჟით, გადაწყვეტილებისა, რომლის საფასურსაც ამერიკელი ქვეითები საკუთარი სიცოცხლით კიდევ კარგა ხანს ზღავდნენ.

კისინჯერმა ვიეტნამის ომი საბოლოოდ მაინც დაასრულა და ამისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც კი დაიმსახურა, თუმცა, ამ დაჯილდოებამ დიდი სკანდალი და აურზაური გამოიწვია – ამერიკელები ომიდან ჩრდილო-ვიეტნამელთა საშობაო დაბომბვების შემდეგ გავიდნენ. დაგვიანებული მშვიდობა ნიქსონმა ‘ღირსებით’ მოპოვებულად კი შერაცხა, მაგრამ როგორც ისტორიამ აჩვენა, ნიქსონი ამაშიც მწარედ იტყუებოდა.

ჰუმანიტარულის ნაცვლად, წმინდა რეალპოლიტიკური პერსპექტივითაც კი რომ შევხედოთ, ომიდან ამგვარ გამოსვლას ტრიუმფისა არაფერი სცხია – ამერიკელებმა წლები დახარჯეს პარიზში უსარგებლო მოლაპარაკებებში, მიატოვეს საკუთარი მოკავშირეები ისე, რომ მათთვის არც არაფერი უკითხავთ და 58 ათასი დაღუპული ჯარისკაცის სანაცვლოდ ვერაფერი მიიღეს. მხოლოდ ორი რამ იყო, რასაც ომის დაგვიანებულმა დასასრულმა ხელი შეუწყო – ჩრდილო ვიეტნამელთა გარდაუვალი გამარჯვებასა და ჰენრი კისინჯერის უსაზღვრო პოპულარობას.

მიზანი ამართლებს გადატრიალებას

კისინჯერი პირადად ხელმძღვანელობდა ნეიტრალური კამბოჯას არნახული მასშტაბით დაბომბვას. “არნახული” აქ პოეტური ხერხი როდია – პატარა კამბოჯაში ამერიკელებმა მეორე მსოფლიო ომში გამოყენებულზე მეტი ბომბი ჩამოყარეს. ამერიკელი სამხედროები სამიზნეებს კისინჯერის პირადი ბრძანებებით ირჩევდნენ და განურჩევლად ბომბავდნენ ყველაფერს, რაც მოძრაობდა. რეალისტი იტყოდა, რომ ამით ამერიკამ ჩრდილოეთ ვიეტნამს დაზავება აიძულა, სხვანი კი დასძენდნენ, რომ ამ დაბომბვების შედეგი არა მხოლოდ ათეულათასობით ადამიანის სიკვდილი, არამედ პოლ პოტისა და წითელი კხმერების რეჟიმის აღზევებაც იყო, რასაც მილიონების გენოციდი მოჰყვა. მაშინ ჩამოგდებული და არაფეთქებელი ბომბებისგან კამბოჯელები დღემდე იხოცებიან, ჰოდა კისინჯერისთვის მაოხრებელი მკვდრის თიკუნი ალალად გვიბოძებია.

კისინჯერის ნებართვითა და ხელშეწყობით აღზევდა მეორე დიდი დიქტატორიც – აუგუსტო პინოჩეტი, რომელმაც დემოკრატიულად არჩეული ალიენდე მისი დახმარებით ჩამოაგდო, შემდეგ კი ათეულობით ათასი ადამიანი აწამა, მოკლა და ვერტმფრენით გაასეირნა (არა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით).

კისინჯერმა აუნთო მწვანე პაკისტანელ დიქტატორს ინდოელებისა და ბანგლადეშელების ჟლეტაზე მხოლოდ იმისთვის, რომ ინდოეთთან დაპირისპირებული ჩინელების გული მოეგო. კისინჯერის რჩევით შეგულიანდა ინდონეზიელი დიქტატორი აღმოსავლეთ ტიმორის დასაპყრობად, რასაც 200 ათასი სიცოცხლე შეეწირა. დიქტატორების მხარეს იყო ის არგენტინაშიც, პორტუგალიაშიც, ზაირსა და კვიპროსშიც, რომლის თურქულ ოკუპაციასა და ორად გაყოფაში დიდ პრობლემას ჯიუტად ვერ ხედავდა. ისე, 2008-ში კი აღიარა, ისტორია კვიპროსს არ მაპატიებსო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, 2016-ში ეთქვა, უკრაინის საქმე წასულია და ჯობია ყირიმი რუსეთს ვუფეშქაშოთო.

ჩამავალი მზის როდეო

თანამდებობიდან წასული კისინჯერი მალევე გახდა პოპულარული ფიგურა, რომელიც მაღალი რანგის წვეულებებსა და ჰოლივუდის მსახიობებთან არშიყში ხშირად შეხვდებოდით. მან საკონსულტაციო ფირმა დააფუძნა და სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა, რომ მის მოულოდნელ ზარს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი უპასუხებდა. მისი პირადი გავლენები და მდიდარი კონტაქტები ეჭვგარეშეა, თუმცა კისინჯერის, როგორც დედასამშობლოსათვის თავდადებული კაცის პორტრეტს, მისი პოსტ-ბიუროკრატული კარიერა ცუდად ეხამება.

გადამდგარი კისინჯერის ფინანსური ინტერესები ყველაზე მეტად ჩინეთს დაუახლოვდა. მას ყველაზე მეტად სწორედ კომუნისტური პარტიის რიგებში აფასებდნენ და მისი სიკვდილიც ყველაზე ცხარე ცრემლით იანძის პირას გამოიგლოვეს. ჯერ კიდევ 1971-72 წლებში, ჩინური სიმპათიების მოსაპოვებლად, კისინჯერმა მოკავშირე ტაივანელების ინტერესები ფეხებზე დაიკიდა, რასაც ტაივანის გაეროდან გარიცხვა მოჰყვა. დიქტატორების მოყვარულს, არც დენ სიაოპინის მიერ ჩადენილი ტიანანმენის სისხლისღვრის გამართლება და სტუდენტების ხოცვის უკიდურეს აუცილებლობად შერაცხვა გასჭირვებია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა ეროვნული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა, თუმცა მან ამ მაღალ პოსტზე ორიოდე კვირაში უარი თქვა – ბიზნეს-ინტერესებთან აჟურში ვერ მოიყვანა.

საბოლოოდ, დუჟინი ამერიკელი პრეზიდენტის მენტორობისა თუ ჩინეთთან ნახევარსაუკუნიანი ძმაკაცობის მიუხედავად, კისინჯერს ვერც ერთი ქვეყნის პატრიოტად ვერ შევრაცხავთ. თუ მის განვლილ გზასაც სენტიმენტების გარეშე შევხედავთ, დავინახავთ, რომ იგი მთლიანად და განუყოფლად მხოლოდ საკუთარ თავს ემსახურებოდა.

ყველაზე სკანდალურ ინტერვიუში კისინჯერმა მოყვა, თუ როგორ სურდა საკუთარი თავის აღქმა – მზის ჩასვლისას ქალაქისკენ ეულად მიმავალი კოვბოი, რომელსაც საზოგადოების აზრი არ ადარდებს, ეულია და მოყვასის სიყვარულისა გულწრფელად სწამს. თავის დროზე, ამ ინტერვიუმ კისინჯერი ნიქსონს ლამის სამუდამოდ გადაამტერა. თუ დავუშვებთ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ჩუმჩუმელა დიპლომატმა ალალად ისაუბრა, გამოდის რომ მის ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ისეთი, რისკენაც მიილტვოდა. ის არასოდეს ყოფილა მარტო, ყოველთვის ხოტბას, პოპულარობასა და ფულს ეტანებოდა და მოყვასის სიყვარულზე კი რა გითხრათ. რთულად დასაჯერებელი კია, მაგრამ შესაძლოა დიდი კომბინატორი კაი ბარაქალა ლუზერიც გახლდათ.

ვერდიქტის მოლოდინში

იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, გრეგ გრენდინის ანგარიშით, მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის რვაწლიან პერიოდში კისინჯერი მინიმუმ 4 მილიონი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის პირდაპირი მიზეზი გახდა. უცნობია, რამდენად გაიზარდა ეს რიცხვი მისი კერძო კარიერის შედეგად. ომის დანაშაულების, ტირანების მხარდაჭერისა და აურაცხელი უბედურების წყალობით, კისინჯერი ამერიკული დიპლომატიის, სახელმწიფოსა და ღირებულებების მთავარი კონტრარგუმენტი და იმის მუდმივი შეხსენება იქნება, რომ რეალპოლიტიკა მაშინ მუშაობს, თუ ადამიანებს ადამიანებად არ აღიქვამ.

თუმცა, ისიც საკითხავია, იმუშავა კი კისინჯერის რეალპოლიტიკურმა დიპლომატიამ? რეჟიმები, რომელიც კისინჯერმა ააგო, არამხოლოდ ბოროტებისა და სისხლისღვრის მომტანი, არამედ არაკომპეტენტური და ბანქოს ხუხულებივით არასტაბილურნი იყვნენ. რეიგანმა აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება არგენტინიდან კამბოჯამდე ხოცვა-ჟლეტა სულაც არ იყო. პირიქით, ჯობდა, საბჭოთა კავშირის ეკონომიკა მეტი უსასოო რეჟიმის ეკონომიკურ თუ სამხედრო მხარდაჭერაში ჩაეთრიათ და ის თავისით ჩამოიშლებოდა. უბრალოდ, კისინჯერისთვის, მაოდან პუტინამდე, დიქტატორებთან საქმის დალაგება ყოველთვის უფრო მომგებიანად ჟღერდა.

კისინჯერმა ამერიკის საგარეო პოლიტიკიდან მორალი არამხოლოდ განდევნა, არამედ მას აქტიურად დაუპირისპირა. ნეიტრალური ქვეყნების დაბომბვით, გენოციდების წახალისებითა და გადატრიალებების სპონსორობით მან ამერიკის საერთაშორისო რეპუტაცია გაანადგურა და დანარჩენ მსოფლიოს Pax Americana-სადმი რწმენა შეურყია, შედეგად კი აგრესიულად დაკუნთული ჩინეთი და ჩილედან ინდონეზიამდე ფეხმოკიდებული ანტიამერიკანიზმი მიიღო. სიცოცხლეში გენიალურად შერაცხული დიპლომატის პატივმოყვარეობის გამო ამერიკას კიდევ კარგა ხანს მოუწევს საფასურის გადახდა. საკითხავი მხოლოდ ისაა, მისი სიკვდილი ამორალ-პოლიტიკის დასასრულის დასაწყისსაც მოასწავებს, თუ ამერიკის მომავალი პრეზიდენტები კისინჯერის გზის გაგრძელებას ჰილარი კლინტონივით ამაყად დააპირებენ.

მსგავსი/Related

Back to top button