თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა თანამდებობა დატოვა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, ნანა შარიქაძემ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 21 ოქტომბერს ამოეწურა, თანამდებობა დატოვა. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ გამოსასმშვიდობებელ პოსტში, მან თავისი უფლებამოსილების ვადის დროს განხორციელებული რეფორმები მიმოიხილა და იმ რთულ გარემოზეც ისაუბრა, რომელშიც ბოლო პერიოდში მოუწია მუშაობა. მან ასევე გაიხსენა კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა, „რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული“.

მართალია შარიქაძემ თანამდებობა დატოვა, მისი შემცვლელის ვინაობა უცნობია, ვინაიდან კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა 10 ოქტომბერს დაგეგმილი რექტორის არჩევნების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.  არჩევნების ჩაშლის შემდეგ, ბევრი შიშობს, რომ სამინისტრო თავის სასურველ კანდიდატს დანიშნავს.

შარიქაძის თქმით, 11 აპრილის შეხვედრა და მისი შემდგომი პერიოდი იყო „ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვედრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავიანთი სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა,  რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან, რომ იქ არ ყოფილან“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის“ და დასძინა, რომ „რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება“.

„ვთვლი, რომ სახელმწიფი, რომელიც  განებივრებული არ არის ადამიანური რესურსით, ისეთ ადამიანებს, რომელთაც იდეა, საქმის ცოდნა და უანგარობა აქვთ, უნდა უფრთხილდებოდეს. რადგან ეს თვისებები კონვერტირდება სიყვარულში, იდეისადმი და საქმისადმი ერთგულებაში (არა პიროვნებისადმი მორჩილებაში) და კრიზისის შესაძლებლობად გარდაქმნაში“, – წერს შარიქაძე.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, იყო ქვეყნის ერთადერთი კონსერვატორიის რექტორი, უმაღლესი სასწავლებლის, რომელსაც უდიდესო ტრადიციები გააჩნია“, – განაცხადა შარიქაძემ და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები გაიხსენა. „ვიამაყებ ევროპულ საგანამანთლებლო სივრცესთან დაახლოების მიზნით სასწავლო გეგმაში შეტანილი უმნიშნელოვანესი და ძირეული ცვლილებებით… ასევე ვიამაყებ იმ 3 ახალი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამით (საკონცერტმაისტერო, სიმფონიური დირიჟორობა, ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობა), რომლებიც კულტურის სამინისტრომ და მის მიერ შემქნილმა ჯგუფმა დაბლოკეს“.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მასთან ერთად იბრძოლა და არ მიატოვა „ამ ომში“. „ვრჩები კონსერვატორიაში, როგორც ლექტორი და, იმედია, პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გავაგრძელებ“, – დასძინა შარიქაძემ.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version