ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ჩინეთი-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა

20 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარლამენტში, ინტერპელაციის წესით წარდგა და ოპოზიციის კითხვებს უპასუხა საქართველოსა და ჩინეთს შორის ცოტა ხნის წინ დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით ცხრა დეპუტატმა დაიბარა.

ინტერპელაციის პროცესი ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გახსნა და საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები წარუდგინა, რომლებიც რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავდა.

პარლამენტის ჩართულობის ნაკლებობა

თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა პარლამენტი წინასწარ ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება გადაწყვიტა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობა მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და კონსტიტუციის შესაბამისად, რაც ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს პარლამენტთან პროაქტიული კონსულტაციების გამართვის სამართლებრივ ვალდებულებას. მისივე თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც რატიფიცირებას საჭიროებენ, ყოველთვის წარედგინება პარლამენტს.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში სახელწოდებით „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“ ხაზგასმულია, რომ „საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება“. მისი თქმით, საქართველოს ამოცანა იქნება ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და პოზიტიური დინამიკის განვითარება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

ჩინეთი თუ დასავლეთი?

საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის გაცხადებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულების შეცვლას და სრულად შეესაბამება ქვეყნის განვითარების სტრატეგიას და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს.

დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ერთადერთ ქვეყანად რჩება რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და დასძინა, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია როგორც ჩინეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

რაც შეეხება ჩინეთის მთავრობის ინიციატივას „თანამშრომლობა ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის“, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პლატფორმის წევრია ევროკავშირის უამრავი სახელმწიფო და რომ საქართველოს ჩართულობა დამკვირვებლის სტატუსით ევროკავშირთან დაახლოების დამატებითი ბერკეტი იქნება.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საკმარისად არ გამახვილდა ყურადღება

დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს მთავრობა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების გამო გააკრიტიკა, სადაც, მისი თქმით, არ არის ასახული ჩინეთის მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

საპასუხოდ, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ჩინეთის ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“. მისი თქმით, მათ კარგად იციან, რომ საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკური გზით ქვეყნის მშვიდობიანი დე-ოკუპაციაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version