ილია დარჩიაშვილი ევროკომისრებსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგს სტუმრობს, ევროკომისარს  ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონის და ევროკომისარს მართლმსაჯულების საკითხებში, დიდიე რეინდერსს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი.

ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა შესაბამისად იქნება შეფასებული და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, რეფორმები ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

ანალოგიური გზავნილი დარჩიაშვილმა ევროკომისარ რეინდერსთან შეხვედრაზეც გაიმეორა.

3 ოქტომბერს, დარჩიაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში, დუბრავკა შუიცას, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისს და კრიზისის მართვის საკითხებში ევროკომისარს, იანეზ ლენარჩიჩს. შეხვედრების დროს, მან ევროკომისრებს გააცნო ყველა ის მიღწევა, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ განახორციელა. ლენარჩიჩთან შეხვედრაზე დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სურვილი გახდეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის (UCPM) ნაწილი.

4 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. დარჩიაშვილმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version